უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ კომპანია „ნაფტოჰაზ უკრაინის“ ხელმძღვანელი სერჰი კორეცკი ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად უნდა დაინიშნოს იულია სვირიდენკოს გადადგომის შემდეგ.
ამის შესახებ ზელენსკიმ ისაუბრა კიევში ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„თუკი ზამთკენ მივდივართ, უნდა ვემზადოთ. უკვე დიდი ხანია, ვემზადებით, მაგრამ პრიორიტეტები გასაგებია - ზამთრისთვის მზადება,“ თქვა მან. „ამიტომ სერჰი კორეცკი ყველა კონსულტაციის შემდეგ ნამდვილად ყველაზე მომზადებული ადამიანია უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დასაკავებლად“.
ზელენსკის თქმით, ოთხშაბათს კორეცკი მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატის როლში ხვდება პარლამენტის საპრეზიდენტო ფრაქცია „ხალხის მსახურს“.
პრესკონფერენციაზე ზელენსკის შეეკითხნენ თავდაცვის მინისტრ მიხაილო ფედოროვის გადაყენების შესაძლებლობის შესახებ. უკანასკნელ ხანებში უკრაინის პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფედოროვს რთული ურთიერთობები აქვს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალთან, ოლექსანდრ სირსკისთან.
ზელენსკიმ თქვა, რომ არ აპირებს თავდაცვის მინისტრის შეცვლას, თუმცა აღნიშნა, რომ „პრიორიტეტია დიალოგი არმიასა და თავდაცვის სამინისტროს შორის“, ასევე არმიაში მობილიზაციისთვის პასუხისმგებელი ორგანოების პრობლემათა გადაწყვეტა და უკრაინის ცის ჩაკეტვა“.
„ერთიანობა ჩვენი დიდი ძალაა. და ერთი ხედვა უნდა გვქონდეს თავდაცვის სამინისტროსა და ჩვენს არმიაში,“ თქვა ზელენსკიმ. „ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ერთი მიმართულებით მოძრაობა. ერთი მიმართულებით ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე. ეს მიმართულებაა რუსეთის იძულება, რომ დასრულდეს ომი. ყოველ შემთხვევაში, რომ შეწყდეს ის“.
ფორუმი