Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიკამენტის გამო დაკავებულ ბრიტანელს ₾100 000-ის გადახდის შემდეგ საქართველოდან გააძევებენ - მას საპროცესო გაუფორმდა

ბრიტანეთის მოქალაქე 23 აპრილს საზღვარზე დააკავეს.
ბრიტანეთის მოქალაქე 23 აპრილს საზღვარზე დააკავეს.

ბრიტანეთის მოქალაქის, ომის ვეტერანის, მეთიუ როი დესმონდის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა. მედიკამენტის ფლობის გამო დაკავებულ ტურისტს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - მან წაყენებული ბრალი აღიარა და 100 000 ლარი გადაიხადა.

შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16 ივლისს, გაფორმდა. მეთიუ როი დესმონდს გლდანის ციხეში აღარ დააბრუნებენ - მას ხვალ, 17 ივლისს, გააძევებენ საქართველოდან.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 20 წლით აუკრძალეს ქვეყანაში შემოსვლა.

დესმონდი საქართველოში

49 წლის მეთიუ როი დესმონდს, ბრიტანეთის არმიის მრავალი მედლით დაჯილდოებულ, დამსახურებულ ვეტერანს, თავისი მოტოციკლით 25 ქვეყანა აქვს მოვლილი და საქართველოში შემოსვლასაც, ასევე თავისი მოტოციკლით, აპრილის ბოლოს გეგმავდა - საბერძნეთსა და თურქეთში მოგზაურობის შემდეგ. ის 23 აპრილს საზღვარზე დააკავეს. ოჯახთან და ახლობლებთან მისი კავშირი 23 აპრილს 16:14 საათის შემდეგ გაწყდა, რის შესახებაც ფეისბუკში მისი და წერდა.

მეთიუ რეი დესმონდი, საქართველოში შემოსვლის დროს, იმ მედიკამენტების გამო დააკავეს, რომლებითაც ხერხემლის ტკივილს იყუჩებდა. „პრეგაბალინი“, „ბუპრენორფინი“ და „კოდეინი“, ადვოკატების თანახმად, მას სწორედ ექიმის მიერ ჰქონდა გამოწერილი; ხერხემლის ტრავმის გამო - რომელიც დამსახურებულმა ვეტერანმა სადესანტო ბრიგადაში საქმიანობის დროს მიიღო - რადგან ხშირად უწევდა პარაშუტით ხტომა.

ადვოკატების თანახმად, საზღვარზე პრობლემა მხოლოდ იმან წარმოშვა, რომ “ფორმალობები არ ჰქონდა დაცული” და მაგალითად, დესმონდის მიერ საზღვარზე წარდგენილი ცნობა ["ფორმა 100"] არ იყო დამოწმებული აპოსტილით, რასაც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება მოითხოვს.

აღიარება თავისუფლების სანაცვლოდ

თავისუფლების სანაცვლოდ „დანაშაულის“ აღიარებისთვის მეთიუ როი დესმონდი დიდი ხანია მზად არის - თუმცა პროცესი ჭიანურდებოდა. საპროცესო შეთანხმების საკითხი მას შემდეგ დაიძრა, რაც დაკავებულის ქართველმა ადვოკატებმა დუმილი დაარღვიეს და საქმის დეტალები გაახმოვანეს.

ადვოკატები ამბობენ, რომ დესმონდს დანაშაული არ ჩაუდენია, მაგრამ სიმართლის დადგენა მისთვის პრიორიტეტი აღარ არის - რადგან საპატიმროში ის „ძალიან ცუდად“ გრძნობს თავს და ხერხემლის ტრავმით გამოწვეული ტკივილი აწუხებს.

„ვინაიდან მას [დაკავებულს] აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ვინაიდან 8-დან 12 წლამდე პასუხისმგებლობა ელოდება, აღარ ვრისკავთ. პირობები, რომლებიც ბრალდების მხარემ შემოგვთავაზა, მისაღებია. ამ ადამიანისთვის მთავარია თავისუფლება“, - ამბობს ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზაშვილი.

100 000 ლარი - საპროცესო შეთანხმების პირობა

საპროცესო შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 ივლისს დანიშნულ სხდომაზე უნდა გაფორმებულიყო, თუმცა დესმონდის ოჯახმა იმ პერიოდში ვერ შეძლო ჯარიმისთვის გადასახდელი 100 000 ლარის, 28 ათასი ფუნტი სტერლინგის შეგროვება.

სხდომა 16 ივლისამდე გადაიდო.


ფორუმი

XS
SM
MD
LG