Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის მინისტრმა FIFA-ს მოუწოდა, გამოიძიოს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩისას “ფოლკლენდის პლაკატის” გამოჩენის ინციდენტი

არგენტინელი ფეხბურთელები მატჩის შემდეგ პლაკატით, რომელზეც  წარწერაა: მალვინები (ფოლკლენდის კუნძულები) არგენტინას ეკუთვნის. ატლანტა. 15 ივლისი, 2026 წელი. თამაშში არგენტინის ნაკრებმა დაამარცხა ინგლისის გუნდი ანგარიშით 2:1.
არგენტინელი ფეხბურთელები მატჩის შემდეგ პლაკატით, რომელზეც წარწერაა: მალვინები (ფოლკლენდის კუნძულები) არგენტინას ეკუთვნის. ატლანტა. 15 ივლისი, 2026 წელი. თამაშში არგენტინის ნაკრებმა დაამარცხა ინგლისის გუნდი ანგარიშით 2:1.

ბრიტანელმა მინისტრმა 16 ივლისს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას - FIFA-ს - მოუწოდა, გამოიძიოს ფაქტი, რომელიც ეხება მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისთან გამარჯვების შემდეგ არგენტინელი ფეხბურთელების მიერ პლაკატის აფრიალებას წარწერით: „Las Malvinas son Argentinas“ (მალვინები (ფოლკლენდის კუნძულები) არგენტინას ეკუთვნის).

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ოფისმა - “დაუნინგ სტრიტმა” - მხარი დაუჭირა ეკონომიკის მინისტრის, პიტერ კაილის მოწოდებებს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ. ამ მატჩში არგენტინის გუნდმა დაამარცხა ინგლისის ნაკრები ანგარიშით 2:1.

კაილმა პლაკატის გამოჩენას უწოდა FIFA-ს წესების „აშკარა დარღვევა“ - წესები სათამაშო მოედანზე პოლიტიკური სიმბოლოების გამოჩენას კრძალავს.

„მსოფლიო თასი შეიძლება ჩვენი ვერ იქნება, მაგრამ ფოლკლენდის კუნძულები ნამდვილად ჩვენია“, - განაცხადა “დაუნინგ სტრიტის” წარმომადგენელმა.

არგენტინის ჯარი 1982 წელს შეიჭრა სამხრეთ ატლანტიკაში მდებარე ბრიტანეთის ზღვის იქითა ტერიტორიაზე - ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულებზე.

ბრიტანეთმა არქიპელაგი ხანმოკლე ომის შედეგად დაიბრუნა მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა სამხედრო შენაერთი გადაისროლა ფოლკლენდებზე.

კაილმა ფეხბურთის გლობალურ მმართველ ორგანო FIFA-ს მოუწოდა, ატლანტაში გამართული მატჩის შემდეგ მომხდარი "პლაკატის ინციდენტი" „საფუძვლიანად“ გამოეძიებინა.

„პოლიტიკა ფეხბურთისგან გამოყოფილი უნდა იყოს. სინამდვილეში, მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომ პოლიტიკა ფეხბურთისგან გამოყოფილია“, - განუცხადა მან BBC-ის ტელევიზიას.

„ეს ახლა FIFA-ს საქმეა... ჩვენ ველით, რომ FIFA ამ საკითხზე გამოძიებას ჩაატარებს“, - დასძინა მან.


FIFA-ს ინციდენტის გამო კომენტარი არ გაუკეთებია.

ბრიტანეთმა ფოლკლენდის კუნძულები მე-19 საუკუნეში დაიპყრო. არგენტინას აქვს პრეტენზია, რომ კუნძულები მისი ტერიტორიის ნაწილია.

არგენტინის ვიცე-პრეზიდენტმა, ვიქტორია ვილარიუმმა, ოთხშაბათის მატჩის დაწყებამდე დაძაბულობა გაამწვავა და ინგლისელებს „დამპყრობელი მეკობრეები“ უწოდა.


1982 წლის კონფლიქტმა არგენტინის 649 და ბრიტანეთის 255 მეომარი იმსხვერპლა.

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ, არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბუენოს-აირესმა ოფიციალური პროტესტი გამოაცხადა ფოლკლენდის კუნძულების მახლობლად არგენტინის ტერიტორიულ წყლებში ბრიტანული სამხედრო გემის ჩავლის გამო.

საგარეო საქმეთა მინისტრმა პაბლო კვირნომ X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც „კატეგორიულად დაგმო“ გაერთიანებული სამეფოს ხომალდის, Medway-ის „ნებართვის გარეშე, უკანონო“ გავლა არგენტინის ტერიტორიულ წყლებში.

კვირნომ განაცხადა, რომ ხომალდი Medway ორმხრივი შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულეს 13 ივლისით დათარიღებულ დიპლომატიურ საპროტესტო ნოტაში, რომელიც ბუენოს-აირესში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს გაეგზავნა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG