რა ჰკითხეს მარია ზახაროვას?
"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეუთო და ევროპული ინსტიტუტები პირდაპირ დაადანაშაულა ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მცდელობასა და „დიპ სტეიტის“ მუშაობაში. ეთანხმება თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მსგავს შეფასებას და შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ეუთო უსაფრთხოების ინსტრუმენტიდან საბოლოდ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გადაიქცა?" - ეს შეკითხვა ზახაროვას პრესკონფერენციაზე დაუსვეს.
რა უპასუხა ზახაროვამ?
ზახაროვას თქმით, მას მიაჩნია, რომ საქართველოს პრემიერის სიტყვებს მათგან დადასტურება არ სჭირდება, "საუბარია სუვერენული სახელმწიფოს ხელმძღვანელზე, თავისი ქვეყნის მცოდნესა და მოყვარულზე, თავისი ხალხის წარმომადგენელზე".
"მეორეც, მინდა ვთქვა, რომ თუ ვსაუბრობთ საერთაშორისო ურთიერთობებზე, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის საკითხებთან დაკავშირებულ დღის წესრიგზე, მაშინ ზუსტადაც რომ თანამედროვე საქართველო არის უცერემონიო და ზოგჯერ უპრეცედენტო გარე ჩარევის ნათელი მაგალითი სახელმწიფოს საქმეებში, რომელსაც სუვერენიტეტის ყველა მაჩვენებელი აქვს".
ზახაროვას თქმით, თბილისის მისწრაფება გაატაროს დამოუკიდებელი და ეროვნულზე ორიენტირებული პოლიტიკა, ანუ ისეთი, რომელიც ორიენტირებულია საკუთარ ხალხზე, რომელიც ასევე მრავალეროვნულია, „კოლექტიური დასავლეთის“ მიერ აღიქმება, როგორც პირდაპირი გამოწვევა.
"რუსულ ენაზე რომ ვთქვათ, ყელში გაჩხირული ძვალია. ეს იმდენად აღიზიანებს მის წარმომადგენლებს, რომ ისინი მზად არიან გამოიყენონ ყველა არსებული ბერკეტი არასასურველი ამჟამინდელი მთავრობის მოსაშორებლად, უბრალოდ იმიტომ, რომ ის ემსახურება თავისი ხალხის ინტერესებს, ფიქრობს თავის ხალხზე, იცნობს თავის ხალხს და მათ ისტორიას და აქედან გამომდინარე აშენებს მომავალს, და არ ემსახურება მათ, ვისაც საქართველოს ხალხთან ან მის ისტორიასთან არავითარი კავშირი არ აქვს."
როგორც ჩანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები, რომლებსაც თქვენ ახსენებთ, დაკავშირებულია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე (ჰააგა, მიმდინარე წლის 4-8 ივლისი) ჰააგის დეკლარაციის მიღებასთან, რომელიც მოიცავს არაერთ რეზოლუციას, მათ შორის საქართველოში ჩატარებული „არადემოკრატიული“ არჩევნების შესახებ. იმავე დეკლარაციაში ასევე შედის რეზოლუცია უკრაინის შესახებ რომელიც „გმობს რუსეთის აგრესიას", - თქვა ზახაროვამ და განაგრძო.
"რა არის ეს? ეს გამოგონილი მითოლოგიაა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ასეთი დესტრუქციული შემოქმედება ჩვენთვის მოულოდნელობა არ არის. ასამბლეამ დიდი ხნის წინ აირჩია აგრესიის, აგრესიული რიტორიკისა და დესტრუქციული ქმედებების გზა, უარი თქვა პარლამენტთაშორისი დიალოგის დამყარებისა და ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის ამოცანის შესრულებაზე".
მისი სიტყვებით, ამის გამო მიიღეს 2024 წლის 3 ივლისს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის დელეგაციის მონაწილეობის შეჩერების შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში და ჯერჯერობით "დაბრუნების მიზეზს" ვერ ხედავენ.
ზახაროვამ ასევე თქვა, რომ რიგი სახელმწიფოებისა ეუთოს პლატფორმას იყენებენ არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების "აღვირახსნილი კრიტიკისთვის" მათ შორის მოძველებული „მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენებით.
მისი თქმით, შესაბამისად "რა ბრალსაც, მათ შორის საქართველოს უყენებენ ტყუილია, "ბოროტისგანაა", არაა მართალი".
OSCE PA-ს დეკლარაცია და ირაკლი კობახიძის გამოხმაურება
13 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) „ჰააგის დეკლარაციის“ მიღება - საქართველოზე კრიტიკული მუხლების ჩათვლით, - „დიპ სტეიტს“ დაუკავშირა.მისი სიტყვებით OSCE PA-ზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება ორმხრივი ურთიერთობა.
- ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაციაში“ საქართველოში დემოკრატიის გაუარესებისა და 2024 წლის არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო სერიოზული შეშფოთება გამოხატა.
- დოკუმენტი გმობს დემონსტრანტებზე, ოპოზიციასა და მედიაზე ზეწოლას, მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული პირები, გამოიძიოს ძალადობისა და წამების ყველა შემთხვევა და სრულად შეასრულოს ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ 2026 წლის ანგარიშის რეკომენდაციები.
- დეკლარაცია ასევე ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას.
ფორუმი