Reuters-ის სააგენტო პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირების ნათქვამზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 16 ივლისს, ხუთშაბათს, ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სულ ცოტა, ხუთი პალესტინელი დაიღუპა.
აშშ-ში დაფუძნებული კვლევითი ჯგუფის ცნობით, ისრაელის თავდასხმების რაოდენობა ოქტომბერში ძალაში შესული ბოლო ზავის შემდეგ უპრეცედენტო დონემდე გაიზარდა.
ექიმების თანახმად, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთში მდებარე ტუფას უბანთან ახლოს, ხოლო მესამე ადამიანი დაიღუპა ისრაელის ტანკების მიერ ჭურვების დაშენის შედეგად, ქალაქ ღაზის აღმოსავლეთ მხარეს, ზეითუნის გარეუბანში.
ქალაქ ღაზის დასავლეთში იძულებით გადაადგილებულ პირთა კარვების ბანაკზე კიდევ ერთი საჰაერო დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა, ხოლო ხან-იუნისში, სამხრეთში, ავტომობილზე თავდასხმის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა, განაცხადეს მედიკოსებმა. თვითმხილველების ცნობით, საჰაერო დარტყმა განხორციელდა საცხოვრებელ შენობაზე ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკში, ცენტრალურ ღაზაში, რამაც ახლომდებარე რამდენიმე სახლი დააზიანა.
ისრაელის სამხედროებს კომენტარი არც ერთ ინციდენტზე არ გაუკეთებიათ. ღაზის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების ცნობით, ეს სისხლიანი ინციდენტები, მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა, კიდევ უფრო ზრდის ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული პალესტინელების, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვს, რომელიც 1100-ზე მეტს შეადგენს. ჰამასი, როგორც წესი, დანაკარგებს არ ამხელს.
ზავმა შეაჩერა ძირითადი საბრძოლო მოქმედებები, თუმცა ვერ შეძლო ისრაელის თითქმის ყოველდღიური დარტყმების შეჩერება. იმავე პერიოდში, ღაზაში, მებრძოლების მიერ ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი იქნა მოკლული.
კონფლიქტების მონიტორინგის ორგანიზაცია ACLED, რომელიც ღაზაში ისრაელის თავდასხმებს ადევნებს თვალს, აცხადებს, რომ ივნისში ჰამასის და სხვა მებრძოლების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების რაოდენობა 40-ზე მეტად გაიზარდა, რაც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია.
ისრაელის განცხადებით, მისი დარტყმების მიზანია ღაზის სექტორის მებრძოლების თავდასხმების ჩახშობა.
ღაზის თითქმის მთელი მოსახლეობა, რომელიც 2 მილიონიანს შეადგენს, ამჟამად სანაპიროს გასწვრივ მდებარე პატარა ზოლზე ცხოვრობს, ძირითადად დროებით კარვებში ან დაზიანებულ შენობებში, რომლებიც ჰამასის (აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად შერაცხილი) კონტროლის ქვეშაა.
ისრაელის მონაცემებით, ჰამასის მეთაურობით მოქმედმა მებრძოლებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე სასაზღვრო თავდასხმის დროს 1200 ადამიანი მოკლეს. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის შემდგომი საომარი მოქმედებების შედეგად 73 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.
ფორუმი