Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა ჩინეთი დაადანაშაულა აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობებში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს 16 ივლისს ღამით მიმართა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს 16 ივლისს ღამით მიმართა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის საარჩევნო სისტემის „შოკისმომგვრელ დაუცველობასა" და ჩინეთის ჩარევაზე ილაპარაკა 16 ივლისს ღამით ამერიკელებისადმი სატელევიზიო მიმართვისას, რომელიც 25 წუთს გაგრძელდა.

ტრამპის თანახმად, სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც გასაჯაროვდება, მიუთითებენ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთი ატარებდა ოპერაციას და სხვადასხვა გზით მოიპოვა წვდომა 220 მილიონი ამერიკელი ამომრჩევლის პირად მონაცემებზე, რომლებიც გამოიყენა, მათ შორის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენის მცდელობისთვის.

  • 2020 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან დამარცხდა.

დონალდ ტრამპი, რომელსაც არაერთხელ უთქვამს, რომ ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, ირწმუნება, რომ ჩინეთს მისი დამარცხება სურდა მოსალოდნელი ტარიფებისა და ამერიკული არმიის გაძლიერების გამო.

აშშ-ის პრეზიდენტს სატელევიზიო მიმართვისას არ მოუყვანია კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ჩინეთმა მის მიერ თითქოსდა მოპოვებული ინფორმაცია არჩევნების შედეგებზე გავლენისთვის გამოიყენა.

დონალდ ტრამპის სატელევიზიო მიმართვის შემდეგ სააგენტო Reuters-ს ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოში განუცხადეს, რომ პეკინი არასდროს ჩარეულა და არ ჩაერევა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ამერიკელებისადმი სატელევიზიო მიმართვისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის დაუცველობით სარგებლობა შეუძლია არა მხოლოდ ჩინეთს, არამედ სხვა მოწინააღმდეგეებსაც, მათ შორის რუსეთს და ირანს.

ტრამპმა სადაზვერვო მონაცემების დამალვაში დაადანაშაულა „დიპ სტეიტის"(Deep State) წარმომადგენლები ამერიკულ სპეცსამსახურებში და ეროვნული დაზვერვის სამსახურს, იუსტიციის სამინისტროს, ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს და ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს მოსთხოვა გამოიძიონ, ვინ და რატომ დამალა ინფორმაცია, კავშირის მქონე პირები სამსახურიდან გაათავისუფლონ და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეებიც აღძრან.

  • აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების 2021 წლის ანგარიშის თანახმად, ჩინეთი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არ ჩარეულა.

დემოკრატების რეაქცია

დემოკრატებმა პრეზიდენტი ტრამპი დაადანაშაულეს ნოემბერში დაგეგმილი კონგრესის შუალედური არჩევნების უსაფრთხოებაში ეჭვის შეტანის მცდელობასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში, რათა რესპუბლიკელების წარუმატებლობისა და კონგრესზე კონტროლის დაკარგვის შემთხვევაში, შედეგები სადავოდ აქციოს.

სენატში დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ამერიკელებმა ხმა მისცენ თავისუფლად, შეუფერხებლად და დონალდ ტრამპის მხრიდან ჩარევის გარეშე.

დემოკრატი სენატორის, დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მარკ უორნერის შეფასებით, ამერიკელებმა პრეზიდენტისგან ისევ მოისმინეს განცხადებები არჩევნების შესახებ, რაც უკვე გამოძიებულია და უარყოფილია სხვადასხვა ინსტიტუციის მიერ.

სენატორ უორნერის თანახმად, ჩინეთი სერიოზული კონკურენტია და თავისი ინტერესების გატარებას ცდილობს და იმავეს აკეთებენ რუსეთი და ირანი, მაგრამ ამ საფრთხეებს ფაქტებით უნდა დაუპირისპირდნენ და არა პოლიტიკური მიზნებით ფაქტების დამახინჯებით.



ფორუმი

XS
SM
MD
LG