Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთში ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, სიიარტოს, წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო რუსეთთან კავშირების გამო

პეტერ სიიარტო. ბრიუსელი, 23 თებერვალი, 2026.
პეტერ სიიარტო. ბრიუსელი, 23 თებერვალი, 2026.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული რუსეთთან სავარაუდო კავშირების გამო, იუწყებიან Index-ი და Economx-ი.

მან საქმის დეტალების გამხელაზე უარი თქვა. მადიარმა განაცხადა, რომ არ სურს გამოძიებაზე გავლენის მოხდენა ან დასკვნების ნაადრევად გამოტანა, რადგან საქმე მოიცავს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ მრავალ დოკუმენტს, მათ შორის გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს.

2026 წლის მარტში მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს სიიარტოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის 2024 წლის აგვისტოში შემდგარი სავარაუდო საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელშიც რუსეთის მინისტრი თავის უნგრელ კოლეგას სთხოვდა, ლობირება გაეწია ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის დის, გულბაჰორ ისმაილოვას, ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღებისთვის. შვიდი თვის შემდეგ ევროკავშირმა სანქციები გააუქმა.

გამომძიებლების თქმით, სიიარტო რეგულარულად აწვდიდა ლავროვს ინფორმაციას ევროპელ დიპლომატებს შორის კონფიდენციალური საუბრების დეტალების შესახებ. როგორც ამტკიცებენ, ლავროვთან იმავე საუბარში სიიარტომ გაამხილა 2024 წლის 29 აგვისტოს გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დეტალები. კიდევ ერთ სატელეფონო საუბარში სიიარტომ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, პაველ სოროკინს, განუცხადა, რომ ყველაფერს აკეთებდა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების პაკეტის მოსახსნელად.


ფორუმი

XS
SM
MD
LG