უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ იჰორ კლიმენკოს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობა შესთავაზა.
„მე შევხვდი იჰორ კლიმენკოს. მადლიერი ვარ მისი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობისთვის. ბევრი რთული გამოწვევა იყო და რეაგირება ყოველთვის ეფექტიანი იყო. იჰორ კლიმენკო გააგრძელებს მუშაობას უკრაინაში ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დასაცავად“, თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მზადდება მისი დანიშვნის შესახებ ბრძანებულება. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი არის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის ყველა კომპონენტს შორის ყველაზე ეფექტიანი კოორდინაცია და გადაწყვეტილებების შესრულების ყოველდღიური ზედამხედველობა“.
იჰორ კლიმენკო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობს, იყო ერთ-ერთი კანდიდატი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხაილო ფედოროვის შემცვლელად, მაგრამ მისი კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდნენ უკრაინელი მომიტინგეები. მისი კანდიდატურა ვერხოვნა რადაში არ წარუდგენიათ. „ხალხის მსახურის“ დეპუტატმა მარია მეზენცევამ განაცხადა, რომ „კლიმენკომ, სავარაუდოდ, თანამდებობაზე უარი თქვა“.
16 ივლისს საღამოს, ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა გენერალ-მაიორი ევჰენ ხმარა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
ფორუმი