აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ჯარისკაცები პარასკევს დაიღუპნენ, როდესაც აშშ-ის და მისი პარტნიორი ძალები „თავს იცავდნენ ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების თავდასხმებისგან“.
CENTCOM-ის X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიკარგა, ხოლო ოთხი სხვა იორდანიის საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
საომარი მოქმედებები ირანის გარშემო 18 ივლისს კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანზე ზედიზედ მეშვიდე ღამეს მიიტანა იერიში.
ირანის არმიის განცხადებით, ამერიკული თავდასხმების საპასუხოდ, მათ იერიში მიიტანეს ქუვეითსა და იორდანიაში განთავსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე.
ამ დროს საწვავის მსოფლიო ბაზარზე გატანისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე კი ფაქტობრივად ჩაკეტილი რჩება.
სამოქალაქო ინფრასტრუქტურა სულ უფრო ხშირად ხდება თავდასხმის ობიექტი, მიუხედავად პოტენციური ომის დანაშაულების შესახებ შეშფოთებისა.
ქუვეითმა 18 ივლისს განაცხადა, რომ ირანმა მისი კიდევ ერთი ელექტრო და წყლის სადგური დაბომბა და ირანი სამოქალაქო და სასიცოცხლო ობიექტების მიზანში ამოღებაში დაადანაშაულა.
ირანული მედია ადგილობრივ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ შაბათს ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ ჯასკში რამდენიმე რაკეტა მოხვდა ელექტროსადგურებსა და წყლის გამტკნარების სადგურის ტუმბოებს. საინფორმაციო სააგენტო „თასნიმი“ იტყობინება, რომ 20 სოფელში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი წყლის გარეშე დარჩა.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში შეშფოთებულია კონფლიქტის ესკალაციით, განსაკუთრებით „ირანსა და მთელ რეგიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებით“, - განაცხადა მისმა პრესსპიკერმა პარასკევს.
ირანულმა მედიამ შაბათს დილით ჰორმოზგანის პროვინციაში, ჰორმუზის სრუტეში, დარტყმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, სამი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა, დაზიანდა ორი ხიდი და საგზაო გვირაბი.
ფორუმი