Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ მოსკოვის ოლქზე დარტყმა დაადასტურა

უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძრების კვამლი მოსკოვის ოლქში. 2026 წლის 20 ივლისი
უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძრების კვამლი მოსკოვის ოლქში. 2026 წლის 20 ივლისი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქში დაარტყეს ლოგისტიკის ობიექტებს და ნავთობის ბაზას.

20 ივლისს დღისით ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უკრაინის საზღვრიდან ამ სამიზნეებამდე 400-ს კილომეტრზე მეტია.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უპილოტო სისტემების ძალებს, დაზვერვას, სარაკეტო ჯარებს, არტილერიას და სპეციალური ოპერაციების ძალებს.

„ერთი-ერთი უმსხვილესი შეტევის მცდელობა“

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა 20 ივლისს დილით სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ 19 ივლისის 20:30 საათიდან 20 ივლისის 05:00 საათამდე მოსკოვის რეგიონისკენ „მიფრინავდა“ 400-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი და მათი უდიდესი ნაწილი საჰაერო თავდაცვის ძალებმა „შორეულ მისადგომებთან გაანეიტრალეს“. სობიანინს შედეგების შესახებ არაფერი უთქვამს.

დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოკადრების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკში შეტევა იყო ნავთობის საცავზე. დომოდედოვოში ხანძარი გაუჩნდა ლოგისტიკური ცენტრის, „იუჟნაია ვრატას“ ტერიტორიაზე მდებარე საწყობს. დომოდედოვოში დრონი მოხვდა მრავალბინიან სახლსაც.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის თანახმად, დრონებით შეტევის „ძირითადი შედეგები დაფიქსირებულია" პოდოლსკში, დომოდედოვოსა და ოდინცოვოში, სადაც დაზიანებულია რამდენიმე სახლი და „სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ცალკეული ობიექტები". ვორობიოვის ცნობითვე, დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის ბავშვი.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა" მოსკოვის მერის, სობიანინის მიერ დასახელებულ რიცხვზე(400-ზე მეტი დრონი) დაყრდნობით დაწერა, რომ ეს იყო ბოლო წლებში მოსკოვზე „ერთი-ერთი უმსხვილესი შეტევის მცდელობა“.

რუსეთის საგამოძიები კომიტეტმა მოსკოვის ოლქზე უკრაინული დრონებით მასირებული შეტევის გამო სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული შეტევის“ მუხლით აღძრა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინა „სამართლიანად პასუხობს" თავის ქალაქებსა და რაიონებზე რუსეთის ყოველ დარტყმას.

ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ომი უნდა დასრულდეს და ეს შესაძლებელია მხოლოდ ომის ერთადერთ მიზეზზე, რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებით.




ფორუმი

XS
SM
MD
LG