გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებსაიტზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, 2026 წლის 23 ივლისს დაგეგმილია „ელჩების აკრედიტაციის“ ღონისძიებები.
სხვადასხვა ელჩს შორის ჩამონათვალში პირველია „საქართველოს ელჩი, ალექსანდრე კარტოზია“.
ალექსანდრე კარტოზიას, რომელიც 2025 წლის 1 ოქტომბერს დაინიშნა ელჩად, რწმუნებათა სიგელები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის ამ დრომდე არ აქვს გადაცემული და კვლავ ელის აკრედიტაციის პროცედურის დასრულებას.
თბილისის პროტესტი
საქართველოს საგარეო უწყების პრესცენტრში რადიო თავისუფლებას 2026 წლის 1 ივნისს განუცხადეს, რომ:
- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ალექსანდრე კარტოზია 2025 წლის 1 ოქტომბერს დაინიშნა;
- და რომ იგი ელჩად დაინიშნა „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან 2025 წლის 10 სექტემბერს გაცემული აგრემანის საფუძველზე“.
აგრემანი არის სახელმწიფოს წინასწარი თანხმობა, მიიღოს უცხო სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული პირი დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელად.
- თუმცა „საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რწმუნებათა სიგელები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის ამ დრომდე არ გადაუცია“.
- საგარეოში მაშინ ასევე ხაზი გაუსვეს, რომ „რწმუნებათა სიგელების ასლები გერმანიის ფედერალურ საგარეო უწყებას 2025 წლის 17 დეკემბერს ჩაჰბარდა“.
„ქართული მხარისთვის სრულიად გაუგებარია გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების არათანმიმდევრული მიდგომები ქართულ სახელმწიფოსთან“, - ასე უპასუხეს რადიო თავისუფლების კითხვას საგარეო უწყებაში, თუ როგორ აფასებენ ამ სავარაუდო შეფერხებას.
„ქართულ მხარეს ოფიციალური განმარტება გერმანული მხარისგან არ მიუღია“, - ამბობდნენ საგარეო უწყებაში.
უფლებამოსილების ვადა ამოეწურა პეტერ ფიშერს
2026 წლის 30 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტში გერმანიის აწ უკვე ყოფილი ელჩი პეტერ ფიშერი, - რომელსაც მწვავედ აკრიტიკებდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში, გერმანიის მიერ ქვეყნის „დემოკრატიული უკუსვლის“ კრიტიკაზე პასუხად“, - წერს, რომ მან უფლებამოსილების ვადა ამოწურა.
ქართულად დაწერილ გამოსამშვიდობებელ პოსტში ის ამბობდა: „ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა, ბედნიერად და „Auf Wiedersehen”(მომავალ შეხვედრამდე)."
პოსტს ახლავს წელს რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან გადაღებული ფოტო და პიტერ გებრიელის კომპოზიცია „Won't Stand Down“ - „უკან არ დავიხევთ".
პეტერ ფიშერი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა.
„პეტერ ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ პირიქით, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის - იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
- 2024 წლის 31 დეკემბერს და 2025 წლის 24 მარტს გერმანიამ, სხვა დასავლური ქვეყნების მსგავსად, სავიზო შეზღუდვები დაუწესა „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებს.
- გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ საწყის ეტაპზევე მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებისთვის 237 მილიონი ევროს დაფინანსების შეჩერების შესახებ;
- თუმცა გაგრძელდა პროექტები, რომლებითაც, როგორც ბერლინი აცხადებს, საქართველოს ხალხს ეხმარება. გერმანიამ აღარ განაახლა მთელი რიგი პროგრამები.
ჯერ უცნობია, ვინ იქნება გერმანიის მომდევნო ელჩი საქართველოში.
ფორუმი