Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი აქებს ჯეიმს კარაფანოს, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოლიტიკის შეფასების გამო

დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი
დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი

„დიდებული, ბრძნული სიტყვები დიდად პატივსაცემი ჯეიმს კარაფანოსგან. გმადლობ, ჯეიმს!“ - აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ წამყვან ექსპერტს, ჯეიმს კარაფანოს, აქებს და სოციალურ ქსელში მოჰყავს კარაფანოს ციტატა „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემული ინტერვიუდან, რომელშიც ექსპერტი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომსა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მიმართ პოლიტიკაზე ლაპარაკობს. კარაფანოს მიაჩნია, რომ ვაშინგტონის სამხედრო მოქმედება ირანის მიმართ ეფექტიანია და ის „სრულად ანადგურებს ირანის შესაძლებლობებს“. ის აგრეთვე ამბობს, რომ რეგიონის ქვეყნები აღარასდროს ენდობიან ირანს და ისინი სულ უფრო მეტად ზრუნავენ საკუთარ უსაფრთხოებაზე. ირანს კი, კარაფანოს სიტყვებით, ერთი წლის წინანდელი მდგომარეობის მისაღწევად საუკუნე დასჭირდება.

ციტატა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს მოჰყავს კარაფანოს ინტერვიუდან:

„ჩვენი პოზიცია რეგიონში არის ყველაზე ძლიერი, რაც კი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გვქონია. ჩვენ ამ საქმეში ვართ ჯიმი კარტერის დროიდან. ჯიმი კარტერის შემდეგ, არასდროს გვქონია ასეთი ძლიერი პოზიცია რეგიონისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად და მისი მიღწევა ნიშნავს უფრო უსაფრთხო ამერიკას. ვფიქრობ, ფასი, რომელსაც ახლა ვიხდით, დამიჯერეთ, მოიტანს შედეგს ათწლეულებისთვის“.

ერთი თვის წინ ჯეიმს კარაფანომ Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში აშშ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ თქვა:

„ჩემი გულწრფელი შეფასება საქართველოს პერსპექტივიდან ასეთია: საქართველოს მთავრობას სურს მიიღოს ინდულგენცია - ანუ, ჰქონდეს პარტნიორობა აშშ-სთან და თავად აკეთოს, რაც მოესურვება. თუმცა ასე არ გამოვა. ურთიერთობების განსავითარებლად საჭიროა რეალური შედეგები ორივე მხრიდან.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხოლოდ შედეგშია დაინტერესებული. მას არ აინტერესებს ლამაზი სიტყვები. თუ გსურთ „ტრამპ ტაუერის“ აშენება, კი ბატონო, ან ქუჩისთვის ტრამპის სახელის დარქმევა, კეთილი, მაგრამ რაც მათ რეალურად უნდათ, არის: სად არის შედეგი? სად არის მიღწევა?

ქართველები უნდა მიუსხდნენ მაგიდას და შეერთებულ შტატებთან საერთო ინტერესის საკითხებზე ილაპარაკონ, დადონ რაღაც რეალური. ისინი ვერ მოახერხებენ, აიძულონ პრეზიდენტი ტრამპი, რომ მან თქვას: „კარგით, საქართველო შესანიშნავია“ და ამით დასრულდეს.

ეს უბრალოდ ძალიან, ძალიან მარტივია. ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკაა შიდა უთანხმოების ჩახშობა და როცა მათ დასავლეთში ევროპელები და ამერიკელები აკრიტიკებენ, უბრალოდ წყვეტენ მათთან კავშირს და უფრო მეტად იხრებიან რუსეთისა და ჩინეთისკენ.

კეთილი, მათ შეუძლიათ აკეთონ, რაც უნდათ, მაგრამ რეალურად ეს არის ჩიხური ურთიერთობები. რუსეთი აღარასდროს იქნება ძლიერი და გავლენიანი ძალა რეგიონში. ის ყოველთვის აქტუალური იქნება საქართველოსთვის, რადგან მის საზღვართან არის, მაგრამ ახლა უბრალოდ მეზობელია. ეს არ არის ქვეყანა, რომელიც მსოფლიო მოვლენებს მართავს. ჩინელები მუდამ იმას აჩვენებენ, რომ არ აპირებენ ვინმეს გამო გარისკონ და ისინი წავლენ იქ, სადაც ადვილია ფულის შოვნა, სადაც ადვილია ზეგავლენის ქონა და არა მაინცდამაინც ქართველების სასარგებლოდ.

ასე რომ, დიახ, მთავრობას შეუძლია, შეინარჩუნოს ძალაუფლება არსებულ პირობებში, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, იქნება უფრო მარგინალიზებული და ნაკლებად აქტუალური მოთამაშე. რეალობა კი ის არის, რომ "შუა დერეფნის" განვითარება ადამიანებს მისცემს საშუალებას, მიიღონ წვდომა შავ ზღვაზე და გადაზიდონ საქონელი და მომსახურება საქართველოს გარეშეც. ამას კი აზრი არ აქვს. ქართველებს კარგი ურთიერთობა აქვთ აზერბაიჯანელებთან, კარგი ურთიერთობა აქვთ სომხებთან. საქართველოსთვის ნამდვილად დადგა დრო, აღმოცენდეს რეგიონში სრულფასოვან და პროაქტიულ პარტნიორად და არა ცალკე კუნძულად.

მაგრამ ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. აპირებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უგულებელყოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეპრესიები და დისიდენტების დევნა? პასუხი არის – არა. და ჩვენ ამას ვაკეთებთ არა იმიტომ, რომ პროდემოკრატიულები ვართ ან იმიტომ, რომ მთავრობა არ მოგვწონს. ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველო ვერასოდეს იქნება კარგი პარტნიორი, თუ ქართველი ხალხი არ მონაწილეობს საქართველოს მომავალში“, - უთხრა 18 ივნისს ჯეიმს კარაფანომ Independence Avenue Media-ს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG