Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩარლზ მესამემ დაამტკიცა ენდი ბერნემის მიერ შეთავაზებული კაბინეტის წევრები

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე ბუკინგემის სასახლეში მასპინძლობს მომავალ პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს, რომელიც თანამდებობაზე დასამტკიცებლად მიიწვია. 2026 წლის 20 ივლისი
გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე ბუკინგემის სასახლეში მასპინძლობს მომავალ პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს, რომელიც თანამდებობაზე დასამტკიცებლად მიიწვია. 2026 წლის 20 ივლისი

20 ივლისს, დღის ბოლოს, მეფე ჩარლზ მესამემ დაამტკიცა ახალი პრემიერ-მინისტრის, ენდი ბერნემის მიერ შეთავაზებული მთავრობის წევრების ნაწილი.

ახალი პრემიერის კაბინეტში რჩება თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯონ ჰილი. მან ფინანსთა მინისტრის პოსტზე რეიჩელ რივზი ჩაანაცვლა. თანამდებობები შეინარჩუნეს შინაგან საქმეთა და შრომის მინისტრებმა.

ორშაბათს დამტკიცებული მინისტრების სია:

  • ფინანსთა მინისტრი - ჯონ ჰილი;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი - ედ მილიბენდი;
  • შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე რჩება შაბანა მაჰმუდი;
  • ჯანდაცვის მინისტრი - ივეტ კუპერი;
  • შრომის მინისტრის პოსტზე რჩება პეტ მაკფადენი;
  • განსახლების მინისტრი - ანჯელა რეინერი;
  • ბიზნესის, ინოვაციის, მეცნიერებისა და ვაჭრობის მინისტრი - ჯონათან რეინოლდსი;
  • განათლების მინისტრი - ლუსი პაუელი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ენდი ბერნემმა 20 ივლისს დაიკავა. ამავე დღეს გადადგომის თხოვნით მეფე ჩარლზ მესამეს მიმართა კირ სტარმერმა.

თანამდებობის დაკავების შემდეგ ახალი პრემიერ-მინისტრის პირველი სატელეფონო საუბრები შედგა აშშ-ის პრეზიდენტთან, უკრაინის პრეზიდენტსა და ევროკომისიის პრეზიდენტთან.

ენდი ბერნემი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს პირველსავე მიმართვაში დაჰპირდა ხარჯების შემცირებას, ქვეყნის რეინდუსტრიალიზაციას, უსახლკარობის დასრულებას, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობას.

თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებაზე კირ სტარმერმა 18 ივნისს განაცხადა, რისი მიზეზიც იყო გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში მისი ლიდერობით ლეიბორისტული პარტიის წარუმატებელი შედეგები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG