ისინი სხვადასხვა დროს წარმოადგენდნენ:
- საბა ბუაძე - „ლელო - ძლიერი საქართველო“;
- ბადრი გრიგალაშვილი - „გირჩი - მეტი თავისუფლება“;
- ნიკა ობოლაძე - „ნაციონალური მოძრაობა“;
- ცოტნე კობერიძე - „გირჩი - მეტი თავისუფლება“;
- ბორის ყურუა - „გირჩი - მეტი თავისუფლება“.
„რატომ აღარ ვართ ჩვენ იმ პარტიებში, რომლებშიც ვიყავით, ამაზე ბევრი გვისაუბრია - სხვადასხვა მომენტში იყო სხვადასხვა განსხვავებები პოლიტიკური თუ სტრატეგიული, მაგრამ ეს განსხვავებები არის, ალბათ, არის ლოგიკური იმიტომ, რომ ჩვენ უფრო მარტივად ვსაუბრობთ ერთ ენაზე, ვიდრე სხვა პოლიტიკურ თაობასთან, ვისთან ერთადაც ეს გზა გამოვიარეთ... ჩვენ ახალი პარტია კი არ გვჭირდება, გვჭირდება ახალი პოლიტიკური შეთავაზება“, - თქვა საბა ბუაძემ.
არსებული მდგომარეობით, საქართველოში მომდევნო არჩევნები 2026 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ხელისუფლებში მყოფ „ქართულ ოცნებას“ გასულ არჩევნებში გამარჯვებული ოთხი ოპოზიციური პარტიიდან სამის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი აქვს შეტანილი - ხელისუფლება „ნაცინალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გაუქმებას მოითხოვს.
გარდა ამისა, გასული წლის 6 ნოემბერს, რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ ქვეყნის შიგნით გაკეთებული განცხადებებისა თუ პარტნიორებთან კომუნიკაციის გამო პროკურატურამ მათი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურაში ამ საქმე 8 თებერვალს აღძრა, „ქართული ოცნების“ თანამოაზრის, „ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე.
რას ედავებიან პოლიტიკოსებს (ბრალის მიხედვით)
- უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე „საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით“, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტის, „სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ“ და „თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად“;
- ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს სანქციებისთვის აწვდიდნენ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მონაცემებს - „შედეგად, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს“;
- ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკა მელიამ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2024 წლის არჩევნების შემდეგ „თითქოსდა არჩევნების გაყალბების საბაბით“ „დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის“;
- მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციითა და ვიდეომიმართვებით, რომლებიც ვრცელდებოდა მედიასაშუალებებით, „მხარდამჭერებს საქვეყნოდ მოუწოდებდა კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ“.
ფორუმი