Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ფეისბუკპოსტის გამო

ჟურნალისტი ვახო სანაია
ჟურნალისტი ვახო სანაია

დღეს, 22 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ტვ "ფორმულის" ჟურნალისტს, ვახო სანაიას, პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო.

პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის სასამართლოს მიმართა შს სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ.

ვახო სანაია მანამდე, 10 ივლისს, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა სხვა ფეისბუკსტატუსის გამო 6000 ლარით დააჯარიმა. სტატუსში სანაია წერდა, „ლადო ბოჟაძეს სიტყვა გაექცა ლევან მურუსიძეზე და ეგრევე გადააწნეს სახრე ზურგზე. იმედია, სუ *ლე არ ეძახეს, რადგან აკრძალულია კანონით ლადოსთვის *ლის დაძახება... აქვე მინდა, მოგიწოდოთ, ნურც თქვენ უწოდებთ ლადოს *ლეს“.

პატიმრობა კი მეორე სტატუსს მოჰყვა, „სტატუსი დავწერე, პაპუაშვილსა და ბოჟაძეს *ლეს ნუ ეძახით-მეთქი და 6 ათასი ლარით დამაჯარიმეს. რა ვიცი მაშინ აბა, ეძახეთ“, - დაწერა ვახო სანაიამ მოგვიანებით.

დღევანდელ სასამართლო სხდომას თავად ვახო სანაია არ ესწრებოდა.

როგორც ვახო სანაიამ უთხრა მოგვიანებით ტვ "ფორმულას", როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ მოსამართლეებმა, იმის თქმას, რისი სურვილიც აქვს, მას ვერავინ აუკრძალავს.

"თავად ეს სხდომები, რომელსაც მე არ ვესწრები, არის აბსურდული. არ არსებობს არანაირი გარემოება, სადაც მე ჩემი სიტყვის თავისუფლებას შევიზღუდავ. გამოხატვის თავისუფლება თუ კი ქვეყანაში განადგურდება, ეს ნიშნავს, რომ ყველამ უნდა დაიდოს კლიტე პირზე და ეს ვერ მოხდება, ეს უნდა იცოდეს ივანიშვილმა“, - თქვა ვახო სანაიამ.

განახლება:

შს სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარში განმარტა თავიანთი შუამდგომლობის შინაარსი, რაც, მისი სიტყვებით, სასამართლომაც გაიზიარა.

"ჩვენი შუამდგომლობა დაფუძნებული იყო სამართალდამრღვევის ქცევაზე. წინა სასამართლო გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ მან გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ასევე შეიცავდა შეურაცხმყოფელ გამოხატვას. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ეს იყო სასამართლო გადაწყვეტილების უგულებელყოფა და სამართალდარღვევითი ქცევის განგრძობადობის მზაობა. ბატონო ვახტანგ სანაია არ ესწრება სასამართლო სხდომებს, არ იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებს და სასამართლო პროცესების პარალელურად აგრძელებს სამართალდარღვევით ქცევას. შესაბამისად, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებებს ვერ ექნება ფორმალური ხასიათი, ჩვენი მხრიდან მიჩნეული იქნა, რომ მოცემულ საქმეზე შუამდგომლობის სახით უნდა დაგვეყენებინა პატიმრობის მოთხოვნა", - თქვა შსს-ს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ.

მისი სიტყვებით, ეს იყო სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის მესამე შემთხვევა ვახო სანაიას მხრიდან. რაც შეეხება კონკრეტულ პოსტს, ამასთან დაკავშირებით შსს-ს წარმომადგენელმა შემდეგი განმარტება გააკეთა.

"არ იყო დისტანცირება შეურაცხმყოფელი გამოხატვისგან, ეს იყო ირონიული და შეფარული შეურაცხყოფის ფორმა, რითაც იგი თვითონ ავრცელებდა შეურაცხმყოფელ ეპითეტებს. აქედან გამომდინარე, მისი ვითომდა ეს დისტანცირება ვერ იქნებოდა მიჩნეული პასუხისმგებლობისგან გამომრიცხავ გარემოებად, ვინაიდან გამოხატვის თავისუფლების შეფასების დროს კონკრეტული გამონათქვამი ექცევა თუ არა გამოხატვის თავისუფლებაში, მხოლოდ წინადადების ლიტერატურულ და გრამატიკულ წყობას, ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა შეფასებისთვის, არამედ მიზანს, ასევე კონტექსტს და შინაარსს. რაც, ჩვენი მოსაზრებით, შეფასებული იქნა როგორც შეურაცხმყოფელი გამოხატვა და სასამართლოს მხრიდანაც აღნიშნული ამგვარად იქნა გაზიარებული", - თქვა შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ.

სასამართლოებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველდღე რამდენიმე პროცესი ტარდება სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარდგენილ საქმეებზე.

სხდომებზე, რომლებიც ხანდახან სულ რამდენიმე წუთს გრძელდება, შსს მოქალაქეებს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების, და არა მხოლოდ მათ, საჯარო შეურაცხყოფას ედავება.

პირველი ივნისიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ახალი სამმართველოს ინსპექტორები, როგორც თავად უწოდებენ, სოციალური ქსელების „მონიტორინგს“ შეუდგნენ, უკვე არაერთი ადამიანია დაჯარიმებული 1 500-დან 6 000 ლარამდე.

ვახო სანაია პირველია, ვისაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო პატიმრობა შეუფარდეს.

მანამდე, 25 ივნისს, ფეისბუკში ვახო სანაიას შეურაცხყოფისთვის, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2000 ლარით დააჯარიმა ზურაბ ოსიყმაშვილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG