Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში შეზღუდვები დაუწესეს ქვეყნიდან წასულ მოქალაქეებს

საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ შეზღუდვები დაამტკიცა ქვეყნიდან წასული მოქალაქეებისთვის. 2026 წლის 22 ივლისი
საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ შეზღუდვები დაამტკიცა ქვეყნიდან წასული მოქალაქეებისთვის. 2026 წლის 22 ივლისი

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ერთბაშად, მეორე და მესამე მოსმენებით მიიღო კანონპროექტი, რომელიც შეზღუდვებს უწესებს ქვეყნიდან წასულ მოქალაქეებს.

დოკუმენტის თანახმად, შეზღუდვები დაწესდება იმ პირთა მიმართ, რომლებიც რუსეთიდან გაემგზავრნენ და "თავს არიდებენ სასჯელს" სისხლის სამართლის ნებისმიერი და რამდენიმე ადმინისტრაციული მუხლით.

კერძოდ, აიკრძალება უცხოეთის პასპორტების მიღება, რუსეთის მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე განცხადებების შეტანა, სახელმწიფო მომსახურების პორტალის გამოყენება და რუსეთში ფულისა და ქონების განკარგვა. საზღვარგარეთ დაკავებულ რუსებს დიპლომატიური წარმომადგენლობები აღარ გაუწევენ იურიდიულ დახმარებას და უარს ეტყვიან საკონსულო და ნოტარიული მომსახურების დიდ ნაწილზე.

დოკუმენტი იმოქმედებს იმ მოქალაქეების მიმართაც, რომლებსაც ბრალად ედებათ არმიის "დისკრედიტაცია", სანქციების დაწესებისკენ მოწოდებები, ასევე მისადაგებული აქვთ მუხლები "უცხოეთის აგენტების" და "არასასურველი ორგანიზაციების" შესახებ. ამ პირთა რეესტრს გენერალური პროკურატურა ღიად განათავსებს თავის ოფიციალურ ვებსაიტზე.

კანონპროექტი მიიღეს სახელმწიფო სათათბიროს მიმდინარე მოწვევის ბოლო დღეებში. მას 2025 წლის დეკემბრიდან განიხილავდნენ.

მანამდე რუსეთში უკვე მიიღეს კანონი, რომელიც შესაძლებელს ხდის ქონების დაყადაღებას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყნიდან გავიდნენ და რომლებსაც პოლიტიკური შინაარსის ადმინისტრაციული მუხლებით დააკისრეს პასუხისმგებლობა. ეს უზრუნველყოფის ნაბიჯად აიხსნა - ყადაღა იმოქმედებს დანიშნული ჯარიმის გადახდამდე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG