Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უარი ევროპელ დიპლომატებს - 8 პოლიტიკოსის წინააღმდეგ სასამართლო სხდომებს მათ არ დაასწრებენ

სხდომები საზოგადოებისთვისა და მედიისთვის დახურულია. დიპლომატები დასწრების უფლებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ უარი განაცხადა.
სხდომები საზოგადოებისთვისა და მედიისთვის დახურულია. დიპლომატები დასწრების უფლებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ უარი განაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უარი განუცხადა რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის (მედიაში იხსენიებენ, როგორც „საბოტაჟის საქმეს“) სასამართლო სხდომებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრებაზე.

ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ამ საქმეზე დაცვის მხარის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ, დაუდასტურა 2026 წლის 22 ივლისს.

ადვოკატის ცნობით, თავდაპირველად დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა სხდომებზე დასწრების თხოვნით 2 ივლისს მიმართეს, თუმცა მოსამართლემ ეს არ დააკმაყოფილა.

სხდომებზე დასწრება სურდათ:

  • ევროკავშირის წარმომადგენლობას
  • გერმანიის საელჩოს
  • საფრანგეთის საელჩოს
  • დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და
  • პოლონეთის საელჩოს.

მოგვიანებით იგივე შუამდგომლობა დააყენეს დაცვის მხარის ადვოკატებმა, ომარ ფურცელაძემ და ირაკლი ჩომახაშვილმა, თუმცა მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, IPN-ის ცნობით, წერილში მიუთითებდნენ, რომ „აღნიშნული საქმის მიმართ“ არსებობს „როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მაღალი ინტერესი“ და ამ ინტერესის გათვალისწინებით ითხოვდნენ დასწრების უფლებას.

ასეთი პრაქტიკა, მათი შეფასებით, „ხელს უწყობს გამჭვირვალობას და დაინტერესებულ საერთაშორისო პარტნიორებს შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ გაეცნონ პროცესის მიმდინარეობას“.

ომარ ფურცელაძის თქმით, დასწრებაზე უარი ეთქვა სხვადასხვა საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციასაც.

დღესვე ადვოკატმა ფურცელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა „შემოდგომამდე“ გადაიდო - ისე, რომ არათუ კონკრეტული თარიღი, არამედ თვეც არ დასახელებულა.

---

2025 წლის 6 ნოემბერს, რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ ქვეყნის შიგნით გაკეთებული განცხადებებისა თუ პარტნიორებთან კომუნიკაციის გამო პროკურატურამ მათი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურაში ეს საქმე 8 თებერვალს აღიძრა, „ქართული ოცნების“ თანამოაზრის, „ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე.

პოლიტიკოსებს ბრალი წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:

  • მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ - სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების (317-ე - 3 წლამდე პატიმრობა) მუხლით;
  • ზურა ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ - საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
  • ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ - საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა), უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების ან მხარდაჭერის (321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - 6-დან 10 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
  • ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ - საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) მუხლით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG