Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარაპეტიანის ძმისშვილს ბრალს წაუყენებენ, თუმცა ჯერ ვერ დააპატიმრებენ

22 ივლისს სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკომ) პროკურატურას უფლება მისცა, ბრალი წაეყენებინათ პრო-რუსული მილიარდერი სამველ კარაპეტიანის ძმისშვილისთვის, ნარეკ კარაპეტიანისთვის, - რომელიც პარლამენტის წევრი ხდება, - თუმცა უარი განაცხადა მისთვის პატიმრობის შეფარდების უფლების მიცემაზე.

ცესკოს განცხადებით, ეს მის კომპეტენციას სცდება და ეროვნული ასამბლეის გადასაწყვეტია.

  • მილიარდერ სამველ კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთის“ ათობით წევრი და მხარდამჭერი ბოლო თვეების განმავლობაში დააკავეს ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებებით, - რასაც ისინი უარყოფენ და „პოლიტიკურ დევნას“ უკავშირებენ.
  • გენერალურმა პროკურატურამ გასულ კვირას ცესკოს სთხოვა ნებართვა, ბრალი წაეყენებინათ კარაპეტიანის ძმისშვილისა და მარჯვენა ხელილისთვის, ნარეკ კარაპეტიანისთვის, - რომელიც კოორდინაციას უწევს ალიანსის ყოველდღიურ საქმიანობას და საარჩევნო სიის პირველი ნომერია.
  • იგი დეპუტატი ხდება, შესაბამისად მას იმუნიტეტი აქვს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

ცესკომ 21 ივლისს, - კარაპეტიანის, როგორც დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, - დაიწყო პროკურატურის მიმართვის განხილვა.

22 ივლისის გადაწყვეტილებით, ცესკომ პროკურატურას მისცა უფლება, ნარეკ კარაპეტიანისთვის სისხლის სამართლის ბრალდება წაეყენებინათ, თუმცა მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესაძლებლობა არ მისცა.

ცესკოს თავმჯდომარემ, ვაჰაგნ ჰოვაკიმიანმა, დაპატიმრების ორდერის დაუკმაყოფილებლობის არგუმენტად დაასახელა სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის გადაწყვეტილება.

ამ გადაწყვეტილების თანახმად, უფლებამოსილება, რომ პროკურატურას მისცეს პარლამენტის წევრის დაპატიმრების უფლება, აქვს არა ცესკოს, არამედ პარლამენტს - ეროვნულ ასამბლეას.

სავარაუდოდ, ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტი“ ახლადდაკომპლექტებულ პარლამენტში კარაპეტიანს მაინც მოუხსნის მას სადეპუტატო იმუნიტეტს.

ადვოკატის თანახმად, ნარეკ კარაპეტიანის წინააღმდეგ წაყენებული „სამარცხვინო, უკანონო და აბსურდული“ ბრალდებები არის ნაწილი სამველ კარაპეტიანის პოლიტიკური გუნდის კიდევ ერთი ცნობილი წევრის, ალექსან ალექსანიანის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმისა.

ალექსანიანი 7 ივნისის არჩევნების წინ დააკავეს. ბრალდების თანახმად, 2025 წლის სექტემბრიდან ალექსანიანმა დაახლოებით 1400 ადამიანი დაიქირავა არასამთავრობო ორგანიზაციაში სამუშაოდ, რომელიც სინამდვილეში „ძლიერი სომხეთის“ ხერხემალს წარმოადგენდა; გამოძიების თანახმად, ორგანიზაციის წევრების „ხელფასის საფარქვეშ“ საარჩევნო გუნდის აქციებზე დასწრებისთვის მონაწილეებს სხვადასხვა ოდენობის თანხას უხდიდნენ.

ალექსანიანიც და „ძლიერი სომხეთიც“ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG