Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დუმბაძეს როგორ აგინე“ - აქციების მონაწილე კომიკოსს სახლთან სამმა კაცმა სცემა

„დუმბაძეს როგორ აგინებ“ - ონისე ოქრიაშვილს სახლთან სამი კაცი ფიზიკურად გაუსწორდა
„დუმბაძეს როგორ აგინებ“ - ონისე ოქრიაშვილს სახლთან სამი კაცი ფიზიკურად გაუსწორდა

პრო-ევროპული აქციების მონაწილეს, კომიკოსს („სტენდაპერს“) ონისე ოქრიაშვილს, - რომლის შესახებაც პროსახელისუფლებო მედიები ბოლო დღეებში ნეგატიურ სიუჟეტებს ავრცელებდნენ, - სახლთან უცხო პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც რადიო თავისუფლებას მისმა მეგობრებმა განუცხადეს, ოქრიაშვილს სცემეს 22 ივლისს, გვიან საღამოს, ვაკეში, საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს.

მოგვიანებით შსს-ში განაცხადეს, რომ გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გუსლიხსმობს.

კოდექსის თანახმად, ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, შინაპატიმრობით ან ერთ წლამდე პატიმრობით.

23:20 საათისთვის ონისე ოქრიაშვილმა რადიო თავისუფლებას ტელეფონით უთხრა, რომ ამჟამად იგი კლინიკაშია.

მალევე ოქრიაშვილის ცოლმა მარიამ სამუშიამ ჟურნალისტებს კლინიკასთან განუცხადა, რომ მის მეუღლეს „დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი, სისხლიანი ჰქონდა ხელი, გაწითლებული აქვს კისერი და თავში ურტყამდნენ“.

„ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები“

თვითმხილველის გადაღებულ ვიდეოში ისმის, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი მას ეუბნება: „ნოდარ დუმბაძეს აგინე... ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები, შე **ეო“.

„მერე მოვიდა პოლიცა და მეც პოლიციასთან ერთად მოვისმინე, რომ გააჩერა ქუჩაში ამ სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინაო, და დაუწყეს ცემა“, - თქვა ოქრიაშვილის ცოლმაც.

  • ონისე ოქრიაშვილმა 19 ივლისს ჩაწერა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მას აშავებდა და ადამიანებს მის წინააღმდეგ აქეზებდა.
  • საუბარია ვიდეოზე, სადაც ოქრიაშვილი მწერალ ნოდარ დუმბაძეს ახსენებს და უცენზურო სიტყვას იყენებს.
  • 19 ივლისს მან განმარტა, რომ ამ ვიდეოში „გინება კი არ არის, ჰიპოთეტურად ვლაპარაკობთ და ყველაზე აბსურდული, რაც მახსენდება მაგ მომენტში, ვამბობ ნოდარ დუმბაძეს“. ჩანაწერი ერთ-ერთი „სტენდაპ-შოუდან“ არის ამოჭრილი.

ონისე ოქრიაშვილს აქციების არაერთმა მონაწილემ და საჯარო ფიგურამ გამოუცხადა სოლიდარობა, მათ თანახმად, „გაშავების კამპანიის“ ფონზე.

მაგალითად, იუტუბერმა, „არაფერი სასაცილოს“ წამყვანმა ბექა ყორშიამ 21 ივლისს დაწერა: „მეგონა, მის წინააღმდეგ წამოწყებული ეს კამპანია მალევე მიცხრებოდა, მაგრამ აგერ მესამე დღეა, დასასრული არ უჩანს. ტვ იმედი, რუსთავი 2 და პოსტივი ორკესტრირებულად უტევენ. გუშინ დილის, შუა დღის და მთავარ გამოშვებებში ამაზე იყო ლაპარაკი“.

„ამას დამატებული ასობით ტროლგვერდი. ჩვენ ვუყურებთ, როგორ უნდათ, გაანადგურონ ადამიანი მორალურად. როგორ გეშავენ მთელს ქვეყანას მის წინააღმდეგ. ამ საფრთხის წინაშე დგას ყველა, ვინც წინააღმდეგობაშია. საერთოდ არავინ არის დაცული“, - წერდა ყორშია.

მარიამ სამუშიას თქმით, ოქრიაშვილი გეგმავდა, ეჩივლა „პროპაგანდისტული არხებისთვის“, რადგან რაც მათ გააკეთეს, არის „ცილისწამება“:

„ცილისწამება გაავრცელეს ყველა პროპაგანდისტულ მედიაში და დღეს აგერ ცემეს ადამიანი. ეს არის ხელოვნურად გაღვივებული ზიზღი ადამიანებს შორის და არის დანაშაული, რაც მოეკითხება „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელს“, - თქვა მან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG