უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრი სიბიჰას ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთმა სულ მცირე სამი სამოქალაქო გემი დაბომბა, რის შედეგადაც ეკიპაჟების ათეულობით წევრი დაიღუპა და დაიჭრა.
სიბიჰას ცნობით, საფრთხის გამო, 22 ივლისს უკრაინის შავი ზღვის დერეფანში არ გაუვლია არცერთ სატვირთო გემს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ ეს ხდება მოსავლის აღების აქტიურ პერიოდში და რუსეთს ბრალს სდებს „მიზანმიმართულ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ტერორში".
- უკრაინა ზოგიერთი სახეობის პროდუქტის, მათ შორის ხორბლისა და სხვა მარცვლოვანი კულტურების მნიშვნელოვანი ექსპორტიორია.
- ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურასა და შავ ზღვაში სატვირთო გემებზე რუსეთის გახშირებული თავდასხმების გამო გემთმფლობელი კომპანიები სულ უფრო ხშირად იკავებენ თავს უკრაინის პორტებში თავიანთი გემების შესვლისგან.
- ნაოსნობის და ლოგისტიკის ცნობილმა დანიურმა კომპანია Maersk-მა 21 ივლისს გამოაცხადა, რომ იძულებულია უკრაინაში მომსახურება შეაჩეროს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ანდრი სიბიჰას შეფასებით, ირანმა მიზანში ამოიღო ჰორმუზის სრუტის ენერგეტიკული მარშრუტები, რუსეთმა კი სურსათის მსოფლიო ბაზრები შავ ზღვაში და მისი ქმედებების შედეგად მილიონობით ოჯახი აფრიკაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა, ფასების ზრდისა და შიმშილის წინაშე აღმოჩნდეს.
უკრაინამ ითხოვა, რომ 27 ივლისს გაიმართოს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა და ყველა სახელმწიფოს, განსაკუთრებით დაზარალებულ ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთს დაუყოვნებლივ მოსთხოვონ შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლების ხელყოფის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
შავ ზღვაში, საპორტო ქალაქ ოდესის მახლობლად სატვირთო გემებზე თავდასხმის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 19 ივლისს მოხდა, როცა უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის ჯარებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს მარცვლეულით დატვირთულ, გვინეა-ბისაუს დროშით მცურავ სატვირთო გემზე GOLDEN LEO. დაიღუპა გემზე მყოფი 10 ადამიანი - ინდოეთის, სირიის და უკრაინის მოქალაქეები.
- რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, აცხადებს, რომ ოდესის ოლქის პორტებში მისი სამიზნეა სამხედრო დანიშნულების ობიექტები.
- თავის მხრივ, უკრაინა ხშირად ავრცელებს ცნობებს შავ და აზოვის ზღვებში რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე დარტყმის შესახებ.
ფორუმი