Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში იკვლევენ ამერიკული დაზვერვის ობიექტებზე ირანის დარტყმებთან რუსეთის შესაძლო კავშირს - Reuters

ირანული „შაჰედები“(საილუსტრაციო ფოტო)
ირანული „შაჰედები“(საილუსტრაციო ფოტო)

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ანალიტიკოსები იკვლევენ, დაეხმარა თუ არა რუსეთი ირანს სპარსეთის ყურეში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს(CIA) ობიექტებზე დარტყმებში მათ შესახებ ინფორმაციის ან უპილოტო საფრენი აპარატების თანამედროვე ტექნოლოგიების გადაცემით. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

ამერიკული დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთმა გარკვეული როლი შეასრულა, თუმცა ჯერჯერობით არ გამოუტანია საბოლოო დასკვნა თავდასხმებთან რუსეთის კავშირის შესახებ.

  • 2026 წლის მარტში ირანმა დრონებით შეუტია CIA-ს სულ მცირე ორ ობიექტს - საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე და ერაყის აღმოსავლეთში.
  • Reuters-ის წყაროთა თანახმად, იყო სხვა შეტევებიც, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ერ-რიადში ამერიკული დაზვერვის ობიექტზე შეტევა იყო ირანული „შაჰედების“ რუსეთის მიერ მოდიფიცირებული ვერსიის უპილოტო საფრენი აპარატებით. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, რუსეთი ირანს ნავიგაციის თანამგზავრული სისტემით „კომეტა-მ“ დაეხმარა „შაჰედ 136“ ტიპის დრონების სიზუსტის გაზრდაში. ეს სისტემა უფრო რთულად ჩასახშობია, ვიდრე ირანის მიერ შემუშავებული სისტემა.

პირველი ცნობები, რომ რუსეთი თეირანს აწვდის სადაზვერვო მონაცემებს ამერიკულ ძალებსა და ობიექტებზე დარტყმებისთვის, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან(2026 წლის 28 თებერვალი) ერთ კვირაში გავრცელდა. რუსეთი ამას უარყოფს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG