Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხიოდე წლის წინ პოლიციამ იარაღები წაართვა და შემდეგ დაუბრუნეს - ვერაზე არასრულწლოვანის მკვლელობაში ბრალდებულის დედა

„[იარაღები] წაიღეს და უკან დააბრუნეს. 4 წელია იმის მერე“ - ამბობს ნიკოლოზ კაპანაძის დედა.
„[იარაღები] წაიღეს და უკან დააბრუნეს. 4 წელია იმის მერე“ - ამბობს ნიკოლოზ კაპანაძის დედა.

ვერაზე 17 წლის ბიჭის მკვლელობასა და სხვა სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული ნიკა კაპანაძის დედა აცხადებს, რომ პოლიციას წარსულში მისი ვაჟისთვის შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი და სამი იარაღი ჩამოართვეს კიდეც, თუმცა მოგვიანებით დაუბრუნეს.

მისი თქმით, ეს დაახლოებით 4 წლის წინ მოხდა.

„იარაღი გაფორმებული ჰქონდა... ეს მე პოლიციასაც ვუთხარი, იყო ისეთი შემთხვევა ჩემს მიმართაც დაიწყო [მუქარა]... ერთთვიანი შემაკავებელი დაუწერეს. კი არ შემხებია, სკამებს ამტვრევდა... [იარაღები] წაიღეს და უკან დააბრუნეს. 4 წელია იმის მერე“, - განუცხადა დოდო ოდიშარიამ „ტვ პირველს“ 23 ივლისს.

დედის თქმითვე, ნიკოლოზ კაპანაძეს სამი იარაღი აქვს გაფორმებული, და მათგან ერთი ჰქონდა ხოლმე თან.

ის მოკლულის ოჯახს უსამძიმრებს

ქალი ასევე უსამძიმრებს დაღუპული 17 წლის ბიჭის ოჯახს და წუხს მომხდარი ტრაგედიის გამო.

ნეტავ, ის ბავშვი არ მომკვდარიყო... ძალიან ძნელია დედისთვის ამის თქმა, მაგრამ, ნეტავ, ეს მომკვდარიყო და ის ცოცხალი ყოფილიყო“, - თქვა მან სატელეფონო საუბარში ტელევიზიასთან.

ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან სკოლა წელს დაამთავრა და უმაღლესში ჩააბარა. 18 წლის პირველ აგვისტოს ხდებოდა.

მასთან ერთად დაჭრილ კიდევ ორ ახალგაზრდას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

სროლის შედეგად დაიჭრა შანიძის ქუჩაზე გამვლელი ქალიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შანიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

42 წლის ნიკა კაპანაძეს პროკურატურამ ბრალდება დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში უნდა წარუდგინოს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG