Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრონებით შეტევა იყო Wildberries-ის საწყობებზე პეტერბურგსა და ანექსირებულ სიმფეროპოლში

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 22 ივლისს Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრს დაარტყეს რუსეთის სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკშიც
უკრაინის თავდაცვის ძალებმა 22 ივლისს Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრს დაარტყეს რუსეთის სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკშიც

უკრაინა განაგრძობს ონლაინ-გაყიდვების უმსხვილესი რუსული კომპანიის, Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრებზე შეტევას.

24 ივლისს დარტყმა იყო რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის ორ რაიონში (შუშარა და უტკინა ზავოდი) მდებარე ლოგისტიკურ კომპლექსებზე.

კომპანია Wildberries-ის პრესსამსახურმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ ორივე კომპლექსის მუშაობა შეჩერებულია, თუმცა დრონებით შეტევა არ უხსენებია.

ქალაქ სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორ ალექსანდრ ბეგლოვის თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო „სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე" და მიმდინარეობს შედეგების ლიკვიდაცია. ბეგლოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ცნობაში არ არის დასახელებული კონკრეტული ობიექტები.

დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც, მისი ინფორმაციით, ასახულია პეტერბურგის შუშარის რაიონში მდებარე საწყობებზე შეტევით გამოწვეული ხანძრების ძლიერი კვამლი.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ დროზდენკოს ინფორმაციით, სამი ადამიანი დაშავდა Wildberries-ის საწყობებზე დრონებით შეტევის შედეგად ლენინგრადის ოლქის ვსევოლოჟკის რაიონის სოფელ ნოვოსარტოვკაში.

როგორც გამოცემა ASTRA წერს, ნოვოსარტოვკა უშუალოდ ესაზღვრება ქალაქ სანქტ-პეტერბურგს და იქ მდებარე Wildberries-ის საწყობს, რომელიც უტკინა ზავოდის სამრეწველო ზონაში შედის, ხშირად უწოდებენ კომპანიის სანქტ-პეტერბურგის საწყობს.

გასულ ღამით Wildberries-ის ცენტრზე დრონებით შეტევა იყო რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმშიც, ქალაქ სიმფეროპოლში. ამის შესახებ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერენ რუსული და უკრაინული გამოცემები.

თავად კომპანიას ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ცნობაში დრონებით შეტევა არ უხსენებია, თუმცა ევაკუაციის ფაქტი დაადასტურა.

  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა კომპანია Wildberries-ის საწყობებს უპილოტო საფრენი აპარატებით 18 და 20 ივლისსაც დაარტყეს მოსკოვის და ტამბოვის ოლქებში, ხოლო 22 ივლისს სტავროპოლის და კრასნოდარის მხარეებში.
  • უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ 22 ივლისს განაცხადა, რომ სტავროპოლის და კრასნოდარის რეგიონებში დაარტყეს ლოგისტიკის ცენტრებს, რომლებიც ჩართული არიან რუსეთის არმიის უზრუნველყოფაში დრონების მაკომპლექტებლებითა და ნავიგაციის დანადგარებით.

Wildberries - 2004 წელს დაარსებული რუსეთის უდიდესი ონლაინ-მარკეტპლეისია. პლატფორმას ყოველთვიურად 79 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, მისი გამყიდველების წლიურმა ბრუნვამ 2,9 ტრილიონ რუბლს გადააჭარბა, ხოლო კომპანიის ქსელი 90 ათასზე მეტ გაცემის პუნქტს და დღეში 20 მილიონზე მეტ შეკვეთას მოიცავს. სწორედ ამ მასშტაბის გამო Wildberries რუსეთის შიდა ვაჭრობისა და ლოგისტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურად მიიჩნევა.




ფორუმი

XS
SM
MD
LG