თავდაპირველად ხელისუფლებამ არ გაავრცელა ინფორმაცია დაშავებულების ან სამიზნეების შესახებ. შემდგომში სოციალურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ დარტყმების სამიზნე იარაღის გამოფენა იყო.
First Contact-ის დამფუძნებელმა ვალერი ბოროვიკმა განაცხადა, რომ დარტყმა „კონკრეტული ღონისძიების“ წინააღმდეგ იყო მიმართული და თქვა, რომ არიან დაღუპულები.
უკრაინის იარაღის მწარმოებელთა საბჭომ განაცხადა, რომ დარტყმა განხორციელდა ობიექტზე, სადაც თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ თქვეს, რომ ღონისძიების ადგილმდებარეობა საჯაროდ არ გახმაურებულა.
რამდენიმე ცნობით, დარტყმა იმ საწვრთნელ ბაზაზე მოხდა, სადაც უპილოტო საფრენი სისტემების, „არმადის“ გამოფენა იმართებოდა. ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა სერგეი ბესკრესტნოვმა დეტალების გარეშე დაწერა, რომ არც ის და არც მისი გუნდი არ დაშავებულან.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოგვიანებით გამოაცხადა, რომ დარტყმა კიევის რეგიონზე მოხდა, ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. „ამ გარემოებებისა და ადამიანების მდგომარეობაზე გამოძიება გრძელდება“, - წერს ზელენსკი. მან ასევე ახსენა სლავიანსკზე პარასკევს დილით განხორციელებული საჰაერო დარტყმა.
დონეცკის რეგიონული პროკურატურის და დონეცკის სპეციალური ოპერაციების სარდლობის უფროსის, ვადიმ ფილაშკინის ცნობით, დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 10 დაშავდა. ასევე დაზიანდა კერძო სახლები და ლატვიის საპატიო საკონსულოს შენობა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ დარტყმებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. მანამდე სამხედრო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 24 ივლისის ღამეს იერიში მიიტანეს ოდესის, იზმაილისა და ნიკოლაევის პორტებზე. ამ უკანასკნელში, სავარაუდოდ, დაარტყეს „მშრალი ტვირთის გემს“, რომელსაც სამხედრო მასალა გადაჰქონდა.“
ფორუმი