სამოქალაქო აქტივისტები ამ თავდასხმაში ხელისუფლებისა და სახელისუფლებო ტელევიზიების წაქეზებაზე საუბრობენ.
„გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ: ეს არის დანაშაული, რომელზე პასუხისმგებლობაც ეკისრებათ სამთავრობო ტელევიზიებსა და ძალადობის წამქეზებელ პირებს. პროპაგანდისტული მედიები ამ წამსაც აგრძელებენ დამონტაჟებული ვიდეოების გავრცელებას. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი, რომლის შენობასთანაც ახლა ვდგავართ, თავდასხმას მხოლოდ ცალმხრივად აშუქებს: მათ ეთერი სრულად დაუთმეს თავდამსხმელს, მის მეგობრებს, ადვოკატებსა თუ ქართული ოცნების ჩინოვნიკებს, თუმცა ონისეს პოზიცია არ გაუშუქებიათ.
ტრაგედიებით სავსე ქვეყანაში ხელისუფლება ერთი მოქალაქის სიძულვილისთვის იცლის. ამჯერად, მტრად წარმოაჩენს არა რომელიმე პარტიას, ორგანიზაციას თუ ჯგუფს - არამედ ერთ მოქალაქეს. ჩვენ საგანგაშო საფრთხეს ვგრძნობთ“, - წერია განცხადებაში.
რადიო თავისუფლება ცდილობს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან პასუხის მიღებას.
რა მოხდა?
22 ივლისს, გვიან საღამოს ვაკეში, თავისი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს, ონისე ოქრიაშვილს სცემეს. ამის შემდეგ მას კლინიკაში გამოკვლევები ჩაუტარდა.
თავდასხმას წინ უსწრებდა ხელისუფლების მომხრე ტელემაუწყებლების მიერ გავრცელებული მცირე ნაწყვეტი იუტუბ-შოუდან, რომელშიც კომიკოსი პოპულარული მწერლის, ნოდარ დუმბაძის ხსენებისას უცენზურო სიტყვას იყენებს.
ონისე ოქრიაშვილმა 19 ივლისს სოციალური მედიით გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა "მას აშავებდა და ადამიანებს მის წინააღმდეგ აქეზებდა".
მან განმარტა, რომ ამ ვიდეოში „გინება კი არ არის, ჰიპოთეტურად ვლაპარაკობთ და ყველაზე აბსურდული რაც მახსენდება მაგ მომენტში, ვამბობ ნოდარ დუმბაძეს“.
არსებობს ოქრიაშვილზე თავდასხმის მომენტის ვიდეოჩანაწერიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, კომიკოს ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი თავად გამოცხადდა პოლიციაში და ასე დააკავეს ის.
„ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები?!“
თვითმხილველის გადაღებულ ვიდეოში ისმის, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი ოქრიაშვილს ეუბნება: „ნოდარ დუმბაძეს აგინე... ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები, შე **ეო“.
„მერე მოვიდა პოლიცია და მეც პოლიციასთან ერთად მოვისმინე, რომ გააჩერა ქუჩაში ამ სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინეო და დაუწყეს ცემა“, - უთხრა ოქრიაშვილის მეუღლემ, მარიამ სამუშიამ, რადიო თავისუფლებას.
23 ივლისს ტვ "პირველთან" საუბარში ონისე ოქრიაშვილმა თქვა, რომ მისდამი ძალადობა მანიპულაციურად დამახინჯებულმა იმ გამონათქვამებმა გამოიწვია, რას მას არ ეკუთვნის.
"ყველა ის ნათქვამი, რაც მიაკერეს ჩემს ნათქვამს, ჩემს შემოქმედებას, ჩემს საქმიანობას არის უკონტექსტო და მანიპულაციური და საბოლოოდ ამან ის შედეგი მიიღო, რომ მოამწიფეს საზოგადოებაში განწყობა, რომ ჩემზე ძალადობა შეიძლება არ არის ცუდი იდეა.
შემდეგ უკვე დაიქირავეს ადამიანები, რომლებიც ჩამისაფრდნენ სახლთან ღამით, როცა მე მოვდიოდი აქციიდან და გამისწორდნენ ფიზიკურად. მე არ ვიცი, ამ ადამიანებს ფული გადაუხადეს, რაიმეს დაპირდნენ თუ უბრალოდ დააჯერეს, რომ მე ვიმსახურებდი ასეთ ჩასაფრებას..." - თქვა ონისე ოქრიაშვილმა.
ჯერ კიდევ თავდასხმამდე, ონისე ოქრიაშვილს საპროტესტო აქციების არაერთმა მონაწილემ და საჯარო ფიგურამ გამოუცხადა სოლიდარობა.
პოპულარულმა იუტუბერმა, „არაფერი სასაცილოს“ წამყვანმა ბექა ყორშიამ 21 ივლისს დაწერა: „მეგონა, მის წინააღმდეგ წამოწყებული ეს კამპანია მალევე მიცხრებოდა, მაგრამ აგერ მესამე დღეა, დასასრული არ უჩანს. ტვ იმედი, რუსთავი 2 და პოსტივი ორკესტრირებულად უტევენ. გუშინ დილის, შუა დღის და მთავარ გამოშვებებში ამაზე იყო ლაპარაკი“.
„ამას დამატებული ასობით ტროლგვერდი. ჩვენ ვუყურებთ, როგორ უნდათ, გაანადგურონ ადამიანი მორალურად. როგორ გეშავენ მთელს ქვეყანას მის წინააღმდეგ. ამ საფრთხის წინაშე დგას ყველა, ვინც წინააღმდეგობაშია. საერთოდ არავინ არის დაცული“, - წერდა ყორშია.
მარიამ სამუშიას თქმით, ოქრიაშვილი „პროპაგანდისტული არხების" წინააღმდეგ, "ცილისწამების გამო“, ჩივილსაც აპირებდა: „ცილისწამება გაავრცელეს ყველა პროპაგანდისტულ მედიაში და დღეს აგერ ცემეს ადამიანი. ეს არის ხელოვნურად გაღვივებული ზიზღი ადამიანებს შორის და არის დანაშაული, რაც მოეკითხება „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელს“, - თქვა მან.
მომხდარს გამოეხმაურა ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ნოდარ თოფურიძე და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს ან იდიოტის. ესაა ჩემი კომენტარი".
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომიკოსებს, მსახიობებს, მუსიკოსებს მათ მიერ გამოთქმული მოსაზრების, ხუმრობისა და სიმღერის საბაბით ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ფორუმი