აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი და თეირანი კვლავ აწარმოებენ მოლაპარაკებებს კონფლიქტის დასასრულებლად, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში სამხედრო თავდასხმები კვლავ ინტენსიური ხდება.
„ჩვენ მათთან ვსაუბრობთ. ვფიქრობ, ისინი სერიოზულად არიან განწყობილნი", - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში, ირანელ მომლაპარაკებლებზე საუბრისას.
„ვფიქრობ... ისინი გაცილებით უფრო სერიოზულები არიან, ვიდრე აქამდე გვინახავს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შეთანხმებამდე აუცილებლად მივალთ. ვნახოთ, რა მოხდება", - თქვა მან 24 ივლისს.
ტრამპს არაერთხელ უსაუბრია აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებზე. ზოგჯერ ის აცხადებდა, რომ სამშვიდობო შეთანხმება ახლოს იყო, თუმცა მოგვიანებით მოლაპარაკებები ჩიხში შედიოდა და სამხედრო მოქმედებები კვლავ სტარტს იღებდა.
როდესაც ჰკითხეს, მიიღო თუ არა გადაწყვეტილება სრულმასშტაბიანი თავდასხმების განახლების შესახებ, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ საკითხზე მრჩევლებს ხვდებოდა, ტრამპმა უპასუხა:
„არა, ჯერ არა.“
„ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ. ყველაფერი მზადაა მოქმედებისთვის. მაგრამ მათთან ვსაუბრობთ, ამიტომ ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს ეს. ჩემი აზრით... ისინი ძალიან სერიოზულად არიან განწყობილნი. ასეც უნდა იყვნენ", - თქვა ტრამპმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ფორმატში მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
ეს განცხადებები მან იმ დღეს გააკეთა, როდესაც ამერიკულმა ძალებმა ირანში რამდენიმე სამიზნეს დაარტყეს. მანამდე ტრამპი ირანს „მასშტაბური სამხედრო სასჯელით“ დაემუქრა მას შემდეგ, რაც იორდანიაში სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი - ერაყში.
საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ იემენში ჰუთების ობიექტები დაბომბა
ტრამპის განცხადებების პარალელურად, 25 ივლისის დილას რეგიონში სამხედრო მოქმედებები კიდევ უფრო გაფართოვდა.
საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების ობიექტებზე იერიში მიიტანა მას შემდეგ, რაც ჰუთებმა წითელ ზღვაში საუდის არაბეთთან დაკავშირებულ გემებს შეუტიეს.
დონალდ ტრამპმა პარასკევს გააფრთხილა ჩინეთი და რუსეთი, არ მიჰყიდონ იარაღი ირანს, თუმცა თქვა, რომ მას სჯერა სი ძინპინის და ვლადიმირ პუტინის დაპირებების, რომ ისინი ჯერ ამას არ აკეთებენ.
- შეერთებულმა შტატებმა ირანზე დარტყმები ივლისიდან განაახლა მას შემდეგ, რაც თეირანი დაადანაშაულა ივნისში ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევასა და ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემებზე თავდასხმაში.
- ირანმა, რომელიც მოითხოვს, რომ გემებმა მასთან შეთანხმებული მარშრუტით იმოძრაონ, განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმების განახლების გამო ჰორმუზის სრუტე ისევ დაკეტა.
- ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის პორტების ბლოკადა განაახლა.
ფორუმი