რუმინეთის ხელისუფლების განცხადებით, შაბათს, 24 ივლისს ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
დრონის ჩამოგდების ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო ორი დღის განმავლობაში. დრონი უკრაინის საზღვართან, ნაკლებად დასახლებულ რაიონში დააფიქსირეს.
ერთი დღით ადრე რუმინეთმა კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდო. ნამსხვრევების გამოძიების საფუძველზე, რუმინელი პროკურორები მიიჩნევენ, რომ ის რუსული წარმოშობის იყო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნატოს წევრმა რუმინეთმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდო, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი დარღვევები ბოლო წლებში არაერთხელ დაფიქსირებულა.
რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეორე დრონი ადგილობრივი დროით დილის 8:30 საათზე ჩამოაგდეს. მისი თქმით, უპილოტო აპარატი დუნაის დელტაში, ქალაქ სფანტუ-გეორგედან დაახლოებით 10 კილომეტრით დასავლეთით გაანადგურეს.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა რადარებმა დილის 8:22 საათზე დააფიქსირეს, რის შემდეგაც ორი F-16 ტიპის გამანადგურებელი საბრძოლო მზადყოფნაში ჰაერში აიჭრა.
სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, ვის ეკუთვნოდა შაბათს ჩამოგდებული დრონი. თუმცა პროკურორების განცხადებით, პარასკევს ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატი რუსული იყო.
რუმინეთს, რომელიც უკრაინასთან 650-კილომეტრიან სახმელეთო საზღვარს იზიარებს, აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და დუნაის მეორე ნაპირზე მდებარე უკრაინულ პორტებზე შეტევები გააძლიერა, რუსეთის დრონებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაახლოებით 30-ჯერ დაარღვიეს.
მაისში რუსული დრონი რუმინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქ გალაცში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ეს იყო პირველი შემთხვევა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც ნატოს წევრი ქვეყნის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე განხორციელებულმა დარტყმამ ადამიანების დაშავება გამოიწვია.
ფორუმი