ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინა გააფრთხილა, რომ მიუღებელია თავდასხმები ტანკერებზე, რომლებიც არ ეკუთვნის რუსეთს - კორპორაცია Chevron-ის ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე. ამ კორპორაციის ინტერესებს ყაზახეთში ახლახან შეეხო უკრაინის იერიშები. ამ ცნობას წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს გაზეთი The Wall Street Journal-ი.
საუბარი ეხება კასპიის მილსადენთა კონსორციუმის ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის ნოვოროსიისკის პორტში. ერთ-ერთი ბოლო იერიშისას, როგორც იუწყებიან, დაზიანდა Chevron-ის მიერ დაქირავებული ტანკერი.
ამის შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელმა, მაიკ ვირტმა მოლაპარაკება გამართა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მათ სთხოვა უკრაინაზე გავლენის მოხდენა, რათა ამგვარი შეტევები აღარ იყოს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ნოვოროსიისკი არის ბოლო წერტილი კასპიის კონსორციუმის მილსადენისთვის, რომლის მეშვეობითაც ძირითადად ყაზახეთის ნავთობი ტანკერებზე გადააქვთ. Chevron-ს, სხვა რამდენიმე საერთაშორისო კომპანიის მსგავსად, წილი აქვს კასპიის მილსადენთა კონსორციუმში. 19 ივლისს განხორციელებული დარტყმის შემდეგ ნოვოროსიისკის ტერმინალში შეიზღუდა ნედლი ნავთობის დატვირთვა, რამაც, თავის მხრივ, შედეგად მოიტანა ყაზახეთში ნავთობის მოპოვების შემცირება.
წყაროთა ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა გააფრთხილა, რომ კასპიის მილსადენთა კონსორციუმს ის განიხილავს უმნიშვნელოვანეს არხად ყაზახური წარმოების ენერგომატარებლების მიწოდებისთვის ევროპის ბაზრებზე, რაც რუსეთის ენერგომატარებლების ალტერნატივას წარმოადგენს - და მის ობიექტებზე დარტყმები დაუშვებელია.
გამოიცემა წერს, რომ საკუთრივ მილსადენი და ნავთობის საბადოები - რომლებშიც Chevron-ს ასევე წილი აქვს - არ დაზიანებულა, მაგრამ მოპოვების გრძელვადიანი შემცირებით საფრთხე შეექმნება კომპანიის შემოსავლებს.
უკრაინამ უწინაც განახორციელა დარტყმები კასპიის მილსადენთა კონსორციუმის ობიექტებზე, რასაც მკვეთრი რეაქცია მოჰყვა უწინარესად ყაზახეთში. კიევი აცხადებდა, რომ დარტყმები არაა ყაზახეთის წინააღმდეგ და ისინი ხორციელდება რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ ობიექტებზე. ამ ჯერზე WSJ-ი წერს, რომ ვაშინგტონის აღშფოთებამ შესაძლოა უკრაინა აიძულოს გადაერთოს სხვა, პოლიტიკურად ნაკლებად მგრძნობიარე სამიზნეებზე.
კიევში ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ კომენტარი გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
ფორუმი