Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვრცელდება განსხვავებული ცნობები, ირანი ამბობს, რომ უკრაინამ მის კომერციულ ხომალდს დაარტყა კასპიის ზღვაში

კასპიის ზღვა (საილუსტრაციო ფოტო)
კასპიის ზღვა (საილუსტრაციო ფოტო)

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინის დარტყმამ 25 ივლისს მიზანში ამოიღო ირანის კომერციული ხომალდი კასპიის ზღვაში - უკრაინა კი აცხადებს, რომ დაარტყა ხომალდებს, რომლებიც სამხედრო ტვირთების გადაზიდვისთვის გამოიყენებოდა.

ირანის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ერთი მეზღვაური დაიღუპა, კიდევ ერთი დაიჭრა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის ძალებმა მიზანში ამოიღეს რუსული სამხედრო ხომალდი და სხვა მანქანები, რომლებსაც ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთი გადაჰქონდა ამ არეალში.

ზელენსკიმ ტელეგრამით დაწერა, რომ უკრაინამ "ძალიან კარგ შედეგებს" მიაღწია ღამით, გრძელი რადიუსის დარტყმებით კასპიის ზღვაში, მათ შორის ხომალდებზე, რომლებსაც სამხედრო ტვირთის გადაზიდვისთვის იყენებენ "ირანის მონაწილეობით".

რუსეთს ინციდენტზე განცხადება არ გაუვრცელებია, ირანმა მას უწოდა აგრესიის აქტი.

თეირანი დიდი ხანია რუსეთის მოკავშირეა, მას აწვდის საბრძოლო აღჭურვილობას და ტექნოლოგიას და აძლიერებს მოსკოვის საბრძოლო ძალისხმევას უკრაინის წინააღმდეგ ომში. მიმდინარე წელს ზელენსკი ამბობდა, რომ რუსეთის არმიამ მის ქვეყანაზე თავდასხმებისთვის გამოიყენა 50 000-ზე მეტი "შაჰედის" ტიპის დრონი - მათ შორის სამოქალაქო და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

როგორც ზელენსკიმ 25 ივლისს, მოგვიანებით დაწერა, კიევი ივლისის შემდეგ აღრიცხავს "რუსეთის აქტიურ სადაზვერვო მოქმედებებს სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში და იქ განთავსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე. ეს სურათები შემდეგ ირანში ჩნდება".

"ამავე დროს, არის მკაფიო კორელაცია ამ ადგილების რუსეთის სატელიტურ სურათებსა და ირანის თავდასხმებს შორის - თავდასხმებამდე, მათთვის მზადებისას და შემდეგ, მიყენებული ზარალის შესაფასებლად".

ზელენსკის თქმით, მხოლოდ 19 და 20 ივლისს რუსეთის სატელიტურმა მონაცემებმა მოიცვა ოთხი საჰაერო ბაზა - ორი ბაჰრეინში, ერთი იორდანიაში და ერთი ქუვეითში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG