ის მიიჩნევს, რომ კონსენსუსის პრინციპი პატარა ქვეყნებისთვის საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვის მთავარი მექანიზმია, ხოლო მისი გაუქმება ევროკავშირს თანასწორი წევრების გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად გადააქცევს.
"გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმების გერმანულ ინიციატივას უკვე თორმეტი ქვეყანა შეუერთდა. თუკი ეს ინიციატივა განხორციელდა, ევროკავშირი, თითქმის გარანტირებულად, თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად გადაიქცევა", - წერს შალვა პაპუაშვილი.
ის გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ასეთ პირობებში ევროკავშირში გაწევრიანება კანდიდატ ქვეყნებისთვის ნაკლებად მიმზიდველი გახდება, რადგან მათ ექნებათ მეტი ვალდებულება, მაგრამ ნაკლები უფლება და გავლენა.
"ასეთ შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანებით სუვერენიტეტის ნაწილის გაზიარებაზე კი აღარ იქნება საუბარი, რაც დღეს უფრო ფართო ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად ნებაყოფლობითი და დაბალანსებული არჩევანია. საუბარი იქნება რეალური სუვერენიტეტის თითქმის სრულ დაკარგვაზე.
სახელმწიფო, რომელსაც აღარ შეუძლია მისთვის საზიანო გადაწყვეტილების დაბლოკვა და რომელსაც შეიძლება დაეკისროს ვალდებულებები მისი ნების საწინააღმდეგოდ, თანდათან კარგავს არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებას, არამედ თავად სახელმწიფოებრიობას. ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულიდან გადაიქცევა გაცილებით დიდი პოლიტიკური სისტემის მცირე რეგიონად ან გუბერნიად", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ამ მსჯელობის კვალდაკვალ პაპუაშვილი სვამს შეკითხვას:
"რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?"
და ასკვნის, რომ თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას ართმევენ, მაშინ ევროკავშირსაც ართმევენ მის მნიშვნელობას, როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალებას.
"შესაბამისად, ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი და ფუნდამენტური მოტივაციაც.
უფრო მეტიც, ასეთ პირობებში ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას, სულ მცირე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება". - აცხადებს პაპუაშვილი.
ის ასევე არ გამორიცხავს, რომ "ამ დისკუსიის ერთ-ერთი ირიბი მიზანი სწორედ გაფართოების შეჩერებაა. უკვე სულ უფრო ცხადი ხდება, რომ აღარავინ განიხილავს ახალი წევრების მიღებას იმ ევროკავშირში, რომელიც დღეს არსებობს."
"ამიტომ მთავარი კითხვა მხოლოდ ის კი არ არის, როდის მიგვიღებენ ევროკავშირში. მთავარი კითხვაა: რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით და რამდენად თანასწორი წევრის სტატუსით? რადგან წევრობა, რომელიც ქვეყანას სახელმწიფოებრივ უფლებებს ართმევს და მათი დაცვის მექანიზმებს არ აძლევს, ინტეგრაცია კი არა, სუვერენიტეტის გაუქმებაა", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, მედიასთან საუბარში გამოეხმაურა უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატი არჩილ გორდულაძე და თავის მხრივ დაამატა, რომ "ევროკავშირი ყოველ ფეხის ნაბიჯზე სცილდება საკუთარ სადამფუძნებლო პრინციპებს და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ისინი არიან ცივილიზაციური უფსკრულის პირას". მისი განმარტებით, "როდესაც შენ გაქვს მხოლოდ ვალდებულებები და არავითარი უფლებები, ეს ნიშნავს რომ შენი სახელმწიფოებრიობა უბრალოდ ნულდება".
უფრო ადრე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განაცხადს, რომ ევროკავშირი მუშაობს დამცავ მექანიზმებზე, რაც უზრუნველყოფს ალიანსის ახალი წევრებისათვის ვეტოს უფლებაზე გარკვეულ შეზღუდვებს.
შალვა პაპუაშვილმა მაშინ თქვა, რომ ეს „უფლებრივი სეგრეგაციაა“ და „ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა არ არის ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია“.
მარტა კოსის განმარტებების თანახმად, საუბარია არა ვეტოს უფლების ნომინალურად შეზღუდვის ინიციატივაზე, არამედ ისეთი წესების მომზადებაზე, რაც ახალი წევრების შესაძლო დემოკრატიული უკუსვლის უარყოფითი ზეგავლენისგან დაიცავს ბლოკს.
„თუ ახალი წევრი სახელმწიფო წესებს დაიცავს, არაფერი მოხდება“, - განმარტა მარტა კოსმა.
გერმანიის ინიციატივა, რასაც პაპუაშვილი ეხმაურება
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა 2026 წლის მაისის შუა რიცხვებში მისწერა ევროკავშირის ლიდერებს, რომ მიიღო „ინოვაციური გადაწყვეტილებები“, რათა დაჩქარდეს ევროკავშირის გაფართოება - ამ შემთხვევაში, დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით. რაც გულისხმობს წესის გაუქმებას, რომლის საფუძველზეც ევროკავშირში გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე მიიღება. თუმცა ამ ინიციატივაზე წევრი სახელმწიფოები ჯერ არ შეჯერებულან.
გერმანიის წინადადება, მერცის თანახმად, „ასახავს უკრაინის კონკრეტულ სიტუაციას, როგორც ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისას“ და „ხელს შეუწყობს მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს“.
თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს იდეა საჯაროდ დაიწუნა:
„უკრაინის ადგილი ევროკავშირშიც უნდა იყოს სრულყოფილი - სრული და თანასწორი“, - დაწერა მან სოციალურ მედიაში მერცის წერილის გამოქვეყნების შემდეგ.
ევროკომისარმა მარტა კოსმა კი 15 ივნისს ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობა, - ახალი წესების მიუხედავად, რაზეც მუშაობენ, - არ იგულისხმებს „მეორეხარისხოვან წევრობას“ ან „ასოცირებულის სტატუსს“.
„სრული წევრობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც წევრი სახელმწიფოები დააკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას; არ არსებობს წევრობის ნახევარი ან მეოთხედი. არსებობს მხოლოდ სრული წევრობა“, - განაცხადა მან.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი
2024 წლიდან, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა, დემოკრატიული უკუსვლის გამო, კანდიდატი ქვეყნის - საქართველოს - გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე განაცხადა, მმართველმა პარტიამ კი ევროკომისია შანტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა და 2028 წლამდე პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება. ბრიუსელსა და თბილისს შორის შეჩერდა მაღალი დონის შეხვედრები, გაიყინა თანამშრომლობის არაერთი მიმართულება, დაპაუზდა დახმარების პროგრამები, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესდა სავიზო შეზღუდვები.
ფორუმი