Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე ახალ თანამდებობაზე დაინიშნა - ის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იქნება

მამუკა მდინარაძე (მარცხნივ) და ირაკლი კობახიძე
მამუკა მდინარაძე (მარცხნივ) და ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო სტრუქტურაში ცვლილებების შესახებ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს მამუკა მდინარაძე.

კიდევ რა იცვლება მთავრობაში:

  • სექტემბრიდან გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომელიც 2025 წლის აპრილში გამოეყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს. სამთავრობო სტრუქტურაში ცვლილების გატარებამდე, მოქმედი მინისტრი კახა გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახდება, მამუკა მდინარაძე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებს;
  • გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და რომელსაც მდინარაძე ხელმძღვანელობდა.
  • მამუკა მდინარაძე კვლავ იქნება ვიცე-პრემიერი.

„რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების პირობებში არსებითად დანიშნულებას კარგავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და ის შესაბამისად სექტემბერში გაუქმდება“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ახალი სამინისტროს შექმნასა თუ გაუქმებას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება. როგორც კობახიძემ თქვა, ცვლილებები სექტემბრის პირველ კვირაში მიიღება.

ამ სამთავრობო ცვლილებებამდე ერთი დღით ადრე, 28 ივლისს, კულტურის მინისტრის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა თიკა რუხაძემ. ოფიციალურ მიზეზად მან დაასახელა ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა.

ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დამჭირდება მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა, რის გამოც ვერ შევძლებ მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას... ვწუხვარ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დავუთმო იმ საქმეს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ყველაზე ძვირფასია“, - ეწერა კულტურის სამინისტროს ფეისბუკგვერდზე თინათინ რუხაძის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საკადრო ცვლილებების შესახებ მთავრობაში გამართული ბრიფინგი ისე დასრულდა, რომ არც ირაკლი კობახიძემ და არც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG