30 ივლისს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ონლაინ-გაყიდვების უმსხვილესი რუსული კომპანიის, Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრზე პენზის ოლქში.
საწყობებზე დარტყმით გამოწვეული ხანძარი დაადასტურეს თავად კომპანიამ და პენზის ოლქის გუბერნატორმა ოლეგ მელნიჩენკომ. მათი ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი. ლოგისტიკის ცენტრიდან ევაკუირებულია 200-მდე თანამშრომელი.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემის, ASTRA-ს ცნობით, Wildberries-ის ეს ობიექტი პენზის ოლქის ბესონოვის რაიონის სოფელ მასტინოვკაში მდებარეობს.
ეს სოფელი ქალაქ პენზიდან დაახლოებით ოც კილომეტრშია. პენზის მერმა ოლეგ დენისოვმა 30 ივლისს დილით სოციალური ქსელებით გაავრცელა გაფრთხილება, რომ Wildberries-ის საწყობების ტერიტორიაზე ხანძრით გამოწვეულმა კვამლმა შესაძლოა, ქალაქ პენზამდე მიაღწიოს და ადგილობრივ მცხოვრებთ მიმართა, თუ სუნს იგრძნობენ, ფანჯრები დახურონ და გარეთ გასვლას მაქსიმალურად მოერიდონ.
30 ივლისს დრონებით შეტევის შედეგად Wildberries-ის საწყობებში ხანძარი გაჩნდა რუსეთის უდმურტეთის რესპუბლიკის ქალაქ სარაპულშიც.
რატომ Wildberries-ი?
უკრაინის თავდაცვის ძალებმა Wildberries-ის საწყობებზე შეტევა 2026 წლის ივლისის მეორე ნახევრიდან დაიწყეს.
18-29 ივლისის პერიოდში კომპანიის ლოგისტიკის ცენტრებზე დარტყმები იყო მოსკოვის და ტამბოვის ოლქებში, კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეებში, ვორონეჟში, სანქტ-პეტერბურგში, ლენინგრადის ოლქში, რიაზანში და ანექსირებული ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლში.
22 ივლისს სტავროპოლის და კრასნოდარის მხარეებში Wildberries-ის საწყობებზე დრონებით შეტევის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაარტყეს ლოგისტიკის ცენტრებს, რომლებიც ჩართული არიან რუსეთის არმიის უზრუნველყოფაში დრონების მაკომპლექტებლებით, ნავიგაციის დანადგარებით და მოწყობილობებით. ზელენსკის კონკრეტულად Wildberries-ი არ უხსენებია.
Wildberries-ის საწყობებზე უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევის დაწყებიდან მალევე კომპანიის საიტზე აღარ იძებნებოდა ტეგი „все для СВО“(ყველაფერი სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის. კრემლი ასე უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ ომს). ამასთან, სამხედრო ამუნიცია Wildberries-ის კატალოგებში დარჩა.
Wildberries - 2004 წელს დაარსებული რუსეთის უდიდესი ონლაინ-მარკეტპლეისია. პლატფორმას ყოველთვიურად 79 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, მისი გამყიდველების წლიურმა ბრუნვამ 2,9 ტრილიონ რუბლს გადააჭარბა, ხოლო კომპანიის ქსელი 90 ათასზე მეტ გაცემის პუნქტს და დღეში 20 მილიონზე მეტ შეკვეთას მოიცავს. სწორედ ამ მასშტაბის გამო Wildberries რუსეთის შიდა ვაჭრობისა და ლოგისტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურად მიიჩნევა.
Wildberries-ის საწყობებზე დარტყმების გამო რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში სისხლის სამართლის საქმეები „ტერორისტული აქტის“ მუხლითაა აღძრული.
- რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას სამრეწველო ობიექტებზე რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში.
- უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც უნდა იგრძნონ და მას ომის დასრულება უნდა აიძულონ.
Wildberries-ის ობიექტებზე შეტევის დაწყების შემდეგ უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით გამოცემა Financial Times-ს განუცხადა, რომ ეს არის პასუხი უკრაინის ექსპრეს-გადაზიდვების კომპანია Нова пошта-ს ტერმინალებზე რუსეთის ინტენსიურ დარტყმებზე. კომპანიის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ დაზიანებული და დანგრეულია 400-ზე მეტი ტერმინალი და განყოფილება.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „მედუზას" ცნობით, Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრებზე მხოლოდ 18-22 ივლისის პერიოდში განხორციელებული შეტევების შედეგად კომპანიის ზარალმა დაახლოებით 60 მილიარდი რუბლი შეადგინა.
ფორუმი