აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „უახლოეს კვირებში“ შეეცდება იმის გარკვევას, შესაძლებელია თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება.
რუბიოს თქმით, აშშ-ს ესმის, რომ „ორივე მხარეს საკმაოდ მკაფიო წითელი ხაზები აქვს“. სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ-ის ძალისხმევა მიმართული იქნება „ამ წითელი ხაზების დაახლოებისკენ“. რუბიომ მოიყვანა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვები, რომლებიც, მისი თქმით, მისი გუნდისადმი იყო მიმართული: „თუ ხედავთ შესაძლებლობას, იყოთ ძალა, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებს გარკვეულ იმპულსს შესძენს, მოდით, გავაკეთოთ ეს“.
რუბიოს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ძალისხმევის განხორციელებას აპირებს აშშ. აშშ-ის სპეციალური საპრეზიდენტო წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი აგვისტოში პირველად ეწვევიან კიევს.
რუბიოს განცხადება ორ მხარეს შორის ყოველდღიური დარტყმების ფონზე გაკეთდა. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის ზურგში მდებარე სამიზნეებს ურტყამენ. ბოლო კვირების განმავლობაში როგორც რუსეთი, ასევე უკრაინა აქტიურად ურტყამდნენ პორტებსა და გემებს შავ და აზოვის ზღვებში. კიევზე ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად 31 ივლისიდან 1 აგვისტოს ღამეს ცხრა ადამიანი დაიღუპა. ზაფხულის თვეებში დაახლოებით 10 ასეთი დარტყმა განხორციელდა.
უკრაინა აცხადებს მზადყოფნას, ნებისმიერ დროს აწარმოოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები. რუსეთს დაჟინებით სურს, შესრულდეს რამდენიმე მოთხოვნა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია დონეცკის რეგიონიდან უკრაინის ჯარების გაყვანა.
ადრე, მიმდინარე თვეში, რუბიომ განაცხადა, რომ შარშან აგვისტოში ანკორიჯში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა განიხილეს რიგი წინადადებები, მაგრამ არავითარი შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. რუბიოს თქმით, ასევე განიხილეს დონბასიდან უკრაინის ჯარების შესაძლო გაყვანა, მაგრამ უკრაინის თანხმობის გარეშე ვერანაირი შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული. კრემლი მიიჩნევს, რომ ანკორიჯში შეთანხმებები იქნა მიღწეული.
ანკორიჯის შეხვედრის შემდეგ, გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში, რუსეთმა და უკრაინამ აშშ-ის შუამავლობით გამართეს მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, რომელთაგან უკანასკნელი გაიმართა თებერვალში. მას შემდეგ, რაც ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია დაიწყო, შემდგომი შეხვედრები აღარ ჩატარებულა.
ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე მედიასაშუალებამ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია უკრაინისადმი თეთრი სახლის მიდგომაში ცვლილების შესახებ, ტრამპთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. Wall Street Journal-მა, Financial Times-მა და სხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ტრამპი უკრაინას ომში წაგებულ მხარედ აღარ მიიჩნევს. თუმცა, აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა ძირითადად კვლავ ორიენტირებულია მშვიდობის მიღწევის ძალისხმევაზე და არა უკრაინისთვის დახმარების გაწევაზე.
ფორუმი