Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში აფეთქების შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები

მოსკოვი, სადოვო-კუდრინსკის ქუჩა. 26 თებერვალი, 2021.
მოსკოვი, სადოვო-კუდრინსკის ქუჩა. 26 თებერვალი, 2021.

რუსეთის მედიასაშუალებებმა და ტელეგრამის არხებმა, მათ შორის Baza-მ, Shot-მა და „ოსტოროჟნო ნოვოსტიმ“, გაავრცელეს ინფორმაცია 1 აგვისტოს საღამოს მოსკოვში, კუდრინოს მოედანზე, მეტროს სადგურ „ბარიკადნაიასთან“, მაღალსართულიან შენობასთან მომხდარი აფეთქების შესახებ. არიან დაღუპულები და დაშავებულები. რამდენიმე საათის შემდეგ ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ამოქმედდა ასაფეთქებელი მოწყობიოლობა, რომლის რესტორანში შეტანასაც ცდილობდა ქალი.

Baza-ს ცნობით, აფეთქება მოხდა რესტორან Balzi Rossi-ში. ის მაღალსართულიანი შენობის პირველ სართულზე მდებარეობს. ასევე გაჩნდა ხანძარი. ადგილზე დიდი რაოდენობით სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები მივიდნენ.

როგორც იტყობინებიან, რესტორანში კერძო წვეულება იმართებოდა. თვითმხილველებმა 112-ს განუცხადეს, რომ იქ „50-კაციანი ქორწილი“ იმართებოდა. თუმცა, ASTRA თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ რესტორანში აღნიშნავდნენ „გენერლის დაბადების დღეს“.

Telegram-ის არხები აღნიშნავენ, რომ Balzi Rossi არის ძვირადღირებული რესტორანი, რომელსაც ე.წ. ელიტის წევრები სტუმრობენ.

თუმცა, რამდენიმე ცნობით, აფეთქება არა თავად რესტორანში, არამედ მის მახლობლად მოხდა. რესტორნის ინსტაგრამის გვერდზე გამოჩნდა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ „ყველაფერი რიგზეა“.

რესტორნის შეფ-მზარეულმა, კარლო ალფიერიმ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ჩვენი რესტორანი და სამზარეულო იდეალურ მდგომარეობაშია... რესტორნის გარეთ რაღაც პრობლემა გვქონდა!“. მას ამგვარად არ დაუდასტურებია რამდენიმე არხზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამზარეულოში სავარაუდოდ აფეთქდა გაზის ბალონი.

ტელეგრამის არხი ВЧК-ОГПУ აცხადებს, რომ რესტორნის ვერანდაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა ხელში მამაკაცს, რომელიც შესაძლოა მისი ცოდნის გარეშე გამოიყენეს. მამაკაცი დაიღუპა. ამ ვერსიის დადასტურება არ არსებობს.

მედიამ თავდაპირველად ერთი დაღუპულის შესახებ განაცხადა. Mash-მა და Baza-მ შემდგომ დაწერეს, რომ დაღუპულია სამი ადამიანი. იტყობინებიან, რომ დაიჭრა 7-დან 20-მდე ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „კუდრინოს მოედანზე, №1 სახლთან ახლოს, საზაფხულო კაფესთან მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა“. თუმცა, საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი დგინდება. ტელეგრამის არხი „112“ იუწყება, რომ საავადმყოფოში წაიყვანეს 17 ადამიანი.

აფეთქების მიზეზი, დაშავებულთა ვინაობა და სხვა დეტალები ჯერ არ არის ცნობილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG