გასტრონომიის სააგენტო - საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ფუნქციონირებს 2026 წლის 20 ივლისიდან, - „ქართული ოცნების“ მთავრობის 18 ივნისის დადგენილების საფუძველზე.
39 წლის ლევან ქარუმიძის სააგენტოს ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია კი სამინისტრომ 3 აგვისტოს გაავრცელა.
იგი მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნების“ რიგებიდან.
- 2020-2024 წლებში იკავებდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მოგვიანებით კი პირველი მოადგილის თანამდებობას, - იმ პერიოდში, როდესაც თბილისისა და ბრიუსელის ურთიერთობები დაიძაბა.
- ის ერთ-ერთი იყო „ქართული ოცნების“ იმ 84 დეპუტატს შორის, რომელთაც 2024 წლის 14 მაისს მხარი დაუჭირეს „აგენტების კანონის“ ბოლო, მესამე მოსმენით მიღებას.
2026 წლის 1 აპრილს ჩაბარებული დეკლარაციის თანახმად, ქარუმიძე ბოლოს, 2025 წლის აგვისტოდან, მუშაობდა განათლების სამინისტროს სსიპ-ში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილედ.
პარლამენტიდან რუსთაველის ფონდში გადასვლამდე კი იგი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე იყო - 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან 2025 წლის აგვისტომდე.
სამინისტრო აცხადებს, რომ „ლევან ქარუმიძის პროფესიული გამოცდილება ხელს შეუწყობს სააგენტოს ეფექტიან საქმიანობას, ქართული გასტრონომიის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას“.
ფორუმი