ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის სახმელეთო ძალებს და სხვა სამხედრო სტრუქტურებს, კომპანიებს და კერძო პირებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ზომები მიღებულია მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების აღმკვეთი კანონის დარღვევისთვის ირანთან, სირიასა და ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით.
კანონით აკრძალულია ამ ქვეყნებისთვის შესაბამისი საქონლისა და ტექნოლოგიების მიყიდვა ან მათგან შეძენა.
ვის შეეხო ახალი ამერიკული სანქციები?
სანქციები ამოქმედდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ზოგიერთი სტრუქტურის წინააღმდეგ.
მათ შორის არიან რუსეთის სახმელეთო ძალები, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველო, პერსპექტიული სახეობათაშორისი კვლევებისა და სპეციალური პროექტების სამმართველო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის 1061-ე ცენტრი.
რუსული კომპანიები International Invest და Gedion Alpha და ერთი ირანული, ერთი ჩინური და ერთი მალაიზიური კომპანია. ფიზიკურ პირებს შორისაა რუსეთის ხუთი მოქალაქე. ასევე, ირანის, სირიის, ჩრდილოეთ კორეის და მალაიზიის მოქალაქეები.
ამერიკულ უწყებებს და ორგანიზაციებს ეკრძალებათ ამ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან რაიმე კონტრაქტების გაფორმება და შესყიდვები.
სანქციები ძალაში 24 ივლისს შევიდა, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა საჯაროდ 4 აგვისტოს გამოაქვეყნა.
აშშ-ს რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების, კომპანიებისა და კერძო პირების წინააღმდეგ სანქციები აქვს დაწესებული ყირიმის ანექსიისა და უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის გამოც.
ფორუმი