"ირანთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ და ვფიქრობ, რომ შეთანხმება შესაძლოა გაფორმდეს დღესვე, ან ხვალ", - ამბობს ბესენტი CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში, დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
გამოცემა Axios-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეთანხმება შესაძლოა უკვე 5 აგვისტოს გამოცხადდეს - ამას, როგორც წერენ, ცდილობს აშშ. ვაშინგტონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემას დაუდასტურა, რომ ირანის ხელისუფლება უკვე დათანხმდა შეთანხმების პროექტს.
საქმე ეხება ირანსა და ომანს შორის 60-დღიან შეთანხმებას. გავრცელებული ცნობებით, ხომალდები, რომლებიც ჰორმუზის სრუტესა და სპარსეთის ყურეში არიან, ირანის წყლებით ჩრდილოეთის მარშრუტს გაივლიან, ხოლო იქიდან გამომავალი ხომალდები - სამხრეთის მარშრუტს, ომანის ნაპირებთან. მოსაკრებელი, რომელიც ირანს სურს და რომელსაც აშშ აპროტესტებს, ამ პერიოდის განმავლობაში არ იმოქმედებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს Fox News-სთან ინტერვიუში თქვა - "ჩვენ მათთან კარგ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. თუ ეს ჩაიშლება, ირანზე მძლავრ დარტყმას მივიტანთ". ტრამპმა დარწმუნებით ილაპარაკა სრუტეში მოძრაობის აღდგენაზე - ან მოლაპარაკებების, ან საომარი ოპერაციის შედეგად.
ირანის ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. მანამდე თეირანი აცხადებდა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს ომანთან, აშშ-ის მონაწილეობის გარეშე.
თეირანი ჰორმუზის სრუტეს ფაქტობრივად ბლოკავს მარტის დასაწყისიდან - მას მერე, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე იერიშების მიტანა დაიწყეს. ამ სრუტეზე მოდის მსოფლიოს ნავთობისა და გაზის მიწოდების დაახლოებით 20 პროცენტი. ივნისში სრუტე ნაწილობრივ გაიხსნა ხომალდების მოძრაობისთვის, მაგრამ ივლისში ირანმა კვლავ ბლოკადა გამოაცხადა. ზოგიერთი ხომალდი სრუტეზე გადის, მაგრამ მათი რაოდენობა გაცილებით მცირეა, ვიდრე კონფლიქტამდე იყო.
ფორუმი