5 აგვისტოს საღამოს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში გიორგი ფანგანი აცხადებს:
„ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები და შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება“.
განახლება: ფანგანის ეს პოსტი აღარ იძებნება.
თუმცა მოგვიანებით „საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემამ“ განაცხადა:
„24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, ენგურჰესზე მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია“.
სახელმწიფო კომპანიის თანახმადვე, „ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით მყისიერად განხორციელდა აუცილებელი ღონისძიებები, რის შედეგადაც ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება“.
--
დღეს, 5 აგვისტოს, საღამოს, დაახლოებით 20:10 საათზე, საქართველოში ელექტროენერგია კვლავ ავარიულად გაითიშა.
დენი გაითიშა ოკუპირებულ აფხაზეთშიც.
„სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საიტზე მოცემული ინფორმაციით, თითქმის ყველა ძირითადი გადამცემი ხაზის მიწოდება „განულებული“ იყო.
- მანამდე, 24 და 25 ივლისს, თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგია რამდენიმე საათით გაითიშა;
- მაშინ ელექტროენერგიის გათიშვასთან ერთად გაჩერდა მეტრო, საქართველოს რკინიგზა. გაითიშა GWP-ის სატუმბო სადგური, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს მცირე ხნით შეუწყდა წყალი.
- ორი ე.წ. ბლექაუთის მიზეზთა დადგენაზე სემეკი და სუსი მუშაობენ;
- გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობას ტოვებს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენდირექტორი ვანო ზარდიაშვილი - ის შვებულებაში გავიდა, ხელმძღვანელის მოვალეობას კი ასრულებს დავით ვარდიაშვილი, რომელიც უწყებაში, გათიშვების შემდეგ, „გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან“ მივიდა.
ფორუმი