დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გააფართოვა უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები.
შეზღუდვები შეეხო, საერთო ჯამში, ოცამდე ბანკს, კომპანიას და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემს.
ლონდონის მიერ ადრე სანქცირებული რუსული ბანკების ჩამონათვალს 6 აგვისტოდან დაემატა კიდევ ექვსი, მათ შორის „ოზონ ბანკი” და „ექსიმ ბანკი“.
- „ექსიმ ბანკი“ რუსეთის სახელმწიფო ბანკია.
- „ოზონ ბანკის” მფლობელი ონლაინ-ვაჭრობის კომპანია „ოზონია".
ლონდონის მიერ 6 აგვისტოს სანქცირებულ ხუთ კომპანიას შორისაა გემთმშენებელი „სევერნი ინჟინირინგი“, რომელიც 2026 წლის აპრილში შექმნა გათხევადებული ბუნებრივი გაზის მწარმოებელმა უმსხვილესმა რუსულმა კომპანია „ნოვატეკმა“.
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ინდურ საზღვაო-ლოგისტიკურ კომპანია Frion Ship Management-საც და რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილად მიჩნეულ გემებს - რუსეთის, სან-მარინოს, ბარბადოსის და პალაუს დროშებით მცურავ Arctic Express-ს, Perseas-ს, Torvian-ს, Asteras-ს, Visund-ს და Zenturo-ს.
ლონდონის სანქციები შეეხო რუსეთის ერთ მოქალაქესაც, ალექსანდრ ჟდანოვს, რომელიც ქიმიური მრეწველობის დარგში მომუშავე კომპანია „სილტრონის" მფლობელია.
სანქციები ნიშნავს ამ ფიზიკური და იურიდიული პირების სახსრებისა და ეკონომიკური რესურსების გაყინვას და მათთან საქმიანი კონტაქტების აკრძალვას.
ფორუმი