„კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალის ყოფნას ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს არღვევს საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდინარე მილიტარიზაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, ასევე რეგიონულ და ევროპულ სტაბილურობას“, - წერია განცხადებაში.
ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები მიესალმებიან ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, გაიწვიოს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება:
„მოვუწოდებთ იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც ამ ერთეულებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, მიყვნენ ამ მაგალითს“.
რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის 26 აგვისტოს გამოაცხადა. თითქმის 18 წლის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“, რუსეთის გარდა, აღიარებული აქვთ მხოლოდ ნიკარაგუას, ვენესუელასა და სირიას. თავდაპირველად ეს ნაბიჯი გადადგეს ვანუატუმ, ტუვალუმ და ნაურუმ, თუმცა საბოლოოდ მათ აღიარება უკან წაიღეს.
რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა.
ხუთდღიანმა ომმა საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქის - სამხედრო და სამოქალაქო პირების - სიცოცხლე იმსხვერპლა და 30 000-მდე დევნილად აქცია.
რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%.
ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაიღუპა საქართველოს შეიარაღებული ძალების 169 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი და 220-ზე მეტი სამოქალაქო პირი.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა საქართველოს ორი ტერიტორია, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი.
ფორუმი