Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთში აფეთქდა საბრძოლო დრონი, რომელიც ქვეყანაში რუმინეთიდან შეფრინდა

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი რუმენ რადევი. სოფია, 19 მარტი, 2026.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი რუმენ რადევი. სოფია, 19 მარტი, 2026.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ რუმინეთის საზღვრიდან 100 მეტრში, მზესუმზირის ყანაში, აფეთქდა საბრძოლო დრონი. მისი ჩამოვარდნის ადგილი მდებარეობს ყოფილი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის, კარდამის, მახლობლად - რუმინეთის საკომპრესორო სადგურიდან 200 მეტრში და ტრანსბალკანეთის გაზსადენის ბულგარული სადგურიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში.

„ტერიტორია ჩაკეტილია. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები, რომლებიც უპილოტო საფრენი აპარატის ტიპს ადგენენ. ეს დრონი არც რუმინეთის და არც ჩვენი საჰაერო სივრცის ფარგლებში არ ყოფილა აღმოჩენილი და დრონების აღმოჩენა და ამოცნობა კვლავაც სერიოზულ პრობლემად რჩება“, დაწერა რადევმა ფეისბუკში.

ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა დიმიტრა სტოიანოვამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს იყო არა სამოყვარულო, არამედ უფრო დიდი ზომის დრონი, რომელიც, აფეთქების სიმძლავრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დიდი რაოდენობით ასაფეთქებელ ნივთიერებას ატარებდა.

ბულგარეთის სატელეგრაფო სააგენტოს ცნობით, ამ დრონის შესახებ გაფრთხილება არ მიუღიათ არც ესპანეთში მდებარე ნატოს გაერთიანებული საჰაერო ოპერაციების ცენტრიდა, რომელიც სამხრეთ ევროპის საჰაერო სივრცეს აკონტროლებს. ამის შემდეგ ბულგარეთმა რუმინეთის საზღვრისკენ დაიწყო დრონების აღმოჩენისა და ჩახშობის საშუალებების გადატანა, რომლებიც მანამდე თურქეთის საზღვართან იყო განთავსებული, და გააძლიერა სტრატეგიული ობიექტების დაცვა.

კარდამის მახლობლად მდებარე გაზის ინფრასტრუქტურა ბულგარეთისა და რუმინეთის ქსელებს აკავშირებს. ის შედის ე.წ. ვერტიკალურ გაზის დერეფანში, რომლის მეშვეობითაც საწვავი საბერძნეთიდან ბულგარეთის, რუმინეთისა და მოლდოვის გავლით მიეწოდება უკრაინას. ამჟამად ამ მარშრუტს აფართოებენ არარუსული გაზის მიწოდების მიზნით, — აღნიშნავს The Insider.

ბოლო თვეების განმავლობაში რუსული დრონები სისტემატურად ხვდება ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეში, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ფინეთსა და რუმინეთში. ამის საპასუხოდ რუმინეთმა გამოაცხადა კონსტანცაში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვისა და კონსულის ქვეყნიდან გაძევების შესახებ. რუსეთმა კი განაცხადა სანქტ-პეტერბურგში რუმინეთის საკონსულოს დახურვისა და რუმინეთის კონსულის რუსეთიდან გაძევების შესახებ. გასულ კვირაში პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტა შეფრინდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG