Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თათრეთის რესპუბლიკაში გლოვა გამოაცხადეს დრონების შეტევით გამოწვეული მსხვერპლის გამო

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არაერთხელ დაარტყეს, მათ შორის 2026 წლის ივლისში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არაერთხელ დაარტყეს, მათ შორის 2026 წლის ივლისში

10 აგვისტოს დილით აფეთქებები იყო რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკში, სადაც არაერთი მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქალაქზე უკრაინული დრონებით მასირებული შეტევა იყო.

დილის ცხრა საათისთვის რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა თათრეთის რესპუბლიკის მეთაურ რუსტამ მინიხანოვის პრესსამსახურის ინფორმაცია, რომ დრონებით შეტევა იყო „როგორც სამრეწველო, ისე სამოქალაქო ობიექტებზე. არიან დაღუპულები”. მათი რიცხვი და კონკრეტული ობიექტები ამ ცნობაში მითითებული არ ყოფილა.

მინიხანოვმა თათრეთის რესპუბლიკაში გლოვა გამოაცხადა.

განახლება: დილის 11 საათისთვის თათრეთის რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქ ნიჟნეკამსკში დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი და დაშავდა 39.

ერთი საათის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, ხოლო დაშავებულების - 48-მდე. დღის ორი საათისთვის დაშავებულთა რიცხვი 75-ს შეადგენდა.

დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაწერა, რომ სავარაუდოდ, შეტევა იყო ნავთობქიმიურ კომპლექს „ნიჟნეკამსკნეფტეხიმზე”, რომელიც ჰოლდინგ „სიბურის” შემადგენლობაშია, ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპლექსია და ეთილენს, კაუჩუკს და სხვა პროდუქციას აწარმოებს.

  • თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკის სამრეწველო ზონაში კომპლექს „ნიჟნეკამსკნეფტეხიმის” გარდა ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა - „ტანეკო“ და „ტაიფ-ნკ“, რომლებსაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაარტყეს 2026 წლის ივნისსა და ივლისში.

ზოგიერთი რუსული მედიასაშუალების ცნობით, 10 აგვისტოს ნიჟნეკამსკში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ქალაქის ბაზარიც. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

განახლება: 10 აგვისტოს დღისით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ნიჟნეკამსკში დაარტყეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ტანეკოს“, სადაც დაფიქსირებულია ხანძარი.

  • რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას სამრეწველო ობიექტებზე.
  • უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც იგრძნონ, კრემლს ომის დაფინანსების წყაროები შეუზღუდონ და მშვიდობა აიძულონ.




ფორუმი

XS
SM
MD
LG