უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ 12 ივნისს დაარტყეს რუსეთის თათრეთის რესპუბლიკასა და სამარის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ და ქიმიურ ქარხნებს. ამ საწარმოებზე დრონებით შეტევის შესახებ დილით წერდნენ რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხები.
უკრაინის გენშტაბის მიერ 12 ივნისს დღისით გამოქვეყნებული ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციების ძალებმა თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკში დაარტყეს ორ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, „ტანეკოს“ და „ტაიფ-ნკ“-ს, რომელთა ტერიტორიებზეც ხანძრები გაჩნდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობითვე, 12 ივნისს დაარტყეს რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატიში მდებარე ქიმიურ კომბინატ „ტოლიატიკაუჩუკასაც“, რომლის პროდუქციაც სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება.
„შავ ნაპერწკალთან“ კოორდინირებული ოპერაცია
უკრაინის არმიის სპეციალური ოპერაციების ძალების ინფორმაციით, ნიჟნეკამსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ტანეკოს“ (მფლობელი კომპანია „ტატნეფტი“) წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარეს რუსეთში მოქმედ წინააღმდეგობის მოძრაობა „შავ ნაპერწკალთან“ ურთიერთქმედებით და ოპერაციას წინ უძღოდა ქარხნის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების დეტალურად შესწავლა.
- უკრაინული წყაროების თანახმად, „შავი ნაპერწკალი“ წარმოადგენს მეამბოხეთა მოძრაობას, რომელიც პუტინის რეჟიმს რუსეთის ტერიტორიაზე ებრძვის.
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ინფორმაციით, „შავ ნაპერწკალთან“ ერთად დაგეგმილი და კოორდინირებული მოქმედებების შედეგად დაარტყეს „ტანეკოს“ მნიშვნელოვან ელემენტებს და დააზიანეს ნავთობის პირველადი გადამუშავების ძირითადი დანადგარი.
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობამ გაავრცელა ვიდეოც, რომელიც, მისი ინფორმაციით, ასახავს ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძრებს.
რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის მეთაურმა რუსტამ მინიხანოვმა 12 ივნისს დილით სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ „მტრის უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა იყო", ერთი დრონი სახლს მოხვდა, სამი ადამიანი დაშავდა და დაზიანებულია საწარმოებიც. მინიხანოვს კონკრეტული ადგილები და საწარმოები არ დაუსახელებია.
რუსული მედია წერდა, რომ აფეთქებები ქალაქ ნიჟნეკამსკში იყო. ეს პრაქტიკულად, დაადასტურა ნიჟნეკამსკის მერმა რადმირ ბელიაევმა, რომელსაც მართალია, დრონებით შეტევის შედეგების შესახებ არაფერი უთქვამს, თუმცა ქალაქის მცხოვრებთ სოციალური ქსელებით აცნობა, რომ „უსაფრთხოების უზრუნველყოფის" მიზნით ქალაქში გაუქმებულია 12 ივნისს დაგეგმილი „მასობრივი ღონისძიებები".
12 ივნისს რუსეთში სახელმწიფო დღესასწაულს, „რუსეთის დღეს" აღნიშნავენ.
ფორუმი