Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ბელარუსის ელჩს შეხვდა

ლევან ჟორჟოლიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ნიკოლაი როგაშჩუკს უმასპინძლა.
ლევან ჟორჟოლიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ნიკოლაი როგაშჩუკს უმასპინძლა.

„ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი 10 აგვისტოს ბელარუსის ელჩს შეხვდა.

ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესცენტრმა გაავრცელა.

ბელარუსის რესპუბლიკის ელჩ ნიკოლაი როგაშჩუკთან შეხვედრაზე „ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკას სხვადასხვა მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს“.

ამავე წყაროს თანახმად, მათ „განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებული კავშირები და მათი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები“.

„აღინიშნა, რომ ეკონომიკური ურთიერთობები მზარდი ტემპით ვითარდება, რასაც 2026 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელიც ადასტურებს. საუბარი შეეხო ბელარუსში ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებს“, - წერს მთავრობის ადმინისტრაცია.

  • მინსკი ოფიციალურად არ აღიარებს საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას, თუმცა კონტაქტებს ინარჩუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ამ რეგიონებთან.
  • ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ლუკაშენკა ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევაშიც დაადანაშაულეს სოხუმში ვიზიტის გამო 2022 წელს.
  • მინსკსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება დაიწყო საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებისა და უპირატესად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევის შემდეგ;
  • გასული წლის ბოლოს ლუკაშენკამ ყაველაშვილს პრეზიდენტის პოსტზე არჩევა მიულოცა, ხოლო ყაველაშვილმა ლუკაშენკას - ზედიზედ მეშვიდედ ბელარუსის პრეზიდენტად არჩევა. ლუკაშენკამ ყაველაშვილს გამარჯვების დღე მიულოცა.

თბილისი-მინსკის ბოლო წლების კონტაქტები

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თბილისში ბელარუსის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკას, 2026 წლის 16 მარტს უმასპინძლა.

შულეიკასთვის, - ბელარუსის ავტორიტარ ლიდერ ალიაქსანდრ ლუკაშენკას მსგავსად, - ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთს აქვთ ფინანსური სანქციები დაწესებული.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესცენტრის ცნობით, კობახიძემ და შულეიკამ ისაუბრეს „ბელარუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე“.

  • 2025 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა მინისტრი გელა (გეკა) გელაძე ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს, დმიტრი ჰარას (ჰარა ევროკავშირის, აშშ-ს და რამდენიმე სხვა ქვეყნის მიერ სანქციების ქვეშაა).
  • 2025 წლის სექტემბერში ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც შეხვდა ბელარუსელ კოლეგას, მაქსიმ რიჟენკოვს.
  • 2025 წლის ნოემბერში კი „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი, ვეტერანი ფეხბურთელი კახა კალაძე ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელ ევგენი ბულოიჩიკს შეხვდა.
  • ბულოიჩს შეხვდა სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძეც. შეხვედრების შესახებ ინფორმაცია ბელარუსულმა მხარემ გაავრცელა.
  • გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის უშიშროების კომიტეტს შორის 2021 წლიდან მოქმედებს 2016 წელს დადებული შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG