Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარებმა კიევს და ზაპოროჟიეს დაარტყეს

რუსეთის სარაკეტო შეტევით გამოწვეული ხანძარი ზაპოროჟიეში. 2026 წლის 11 აგვისტო
რუსეთის სარაკეტო შეტევით გამოწვეული ხანძარი ზაპოროჟიეში. 2026 წლის 11 აგვისტო

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი სარაკეტო შეტევა მიიტანეს. 10-დან 11 აგვისტოს ღამით დაწყებული შეტევის ძირითად სამიზნეებს შორის იყვნენ კიევი და ზაპოროჟიე.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზაპოროჟიეში სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. ქალაქში დაზიანებულია სახლები და სამრეწველო ობიექტები. დარტყმის ადგილებში ხანძრები გაჩნდა. ზაპოროჟიეს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

კიევში დაჭრილია სულ მცირე ერთი ადამიანი. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული ბალისტიკური რაკეტებით შეტევისას დარტყმა იყო კიევის შევჩენკოს რაიონში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე. დაზიანდა შენობა და გაზის მილი. ადმინისტრაციის თანახმად, საჰაერო განგაშის გამო ბავშვები და მედიკოსები თავშესაფარში იყვნენ და არავინ დაშავებულა. სარაკეტო შეტევის შედეგად კიევში დანგრეულია და დამწვარია სასაწყობე შენობა. კონკრეტულად რომელი, სამხედრო ადმინისტრაციას არ უთქვამს.

განახლება: ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა 11 აგვისტოს დილის რვა საათისთვის ტელეგრამ-არხით გაავრცელა ცნობა, რომ რუსული რაკეტებით და მართვადი ავიაბომბებით დარტყმის შედეგად ქალაქ ზაპოროჟიეში დაიღუპა 6 და დაიჭრა 19 ადამიანი. დაზიანებულია ოთხი მრავალბინიანი სახლი და არასაცხოვრებელი შენობები. რა შენობებია ეს, ფედოროვს არ დაუკონკრეტებია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 11 აგვისტოს დილით ოფიციალური არხებით გაავრცელა ცნობა, რომ ღამის განმავლობაში კიევსა და ზაპოროჟიეში დაარტყეს „სამხედრო მრეწველობის საწარმოებს და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ცენტრებს".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ეს ობიექტებია კომპანია „ნოვა პოშტას“ ტერმინალი და საოფისე-სასაწყობე კომპლექსი „სან-პარკი“ კიევში და მეტალურგიული კომბინატი ზაპოროჟიეში.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 11 აგვისტოს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს და კიევს შეუტიეს ბალისტიკური რაკეტებით(Искандер-М, KN-23), გემსაწინააღმდეგო რაკეტებით(Циркон) და 120 უპილოტო საფრენი აპარატით.

  • KN-23 ჩრდილოეთი კორეის მიერ წარმოებული რაკეტაა.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობას რუსეთის მიერ გამოყენებული რაკეტების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მხოლოდ 98 დრონის მოგერიება შეძლეს.

  • უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებების არასაკმარისი რაოდენობის გამო სულ უფრო უჭირს ბალისტიკური რაკეტების მოგერიება და დიდი ხანია დასავლელი პარტნიორებისგან ითხოვს დამატებით საშუალებებს, პირველ ყოვლისა, რაკეტებს ამერიკული საზენიტო სისტემებისთვის Patriot.





ფორუმი

XS
SM
MD
LG