რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა“ კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით, 13 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ პუტინმა „დაასრულა თავისი პირველი სამუშაო მოგზაურობა კურილის კუნძულებზე“ და „მთელი სამუშაო დღე გაატარა“ კუნძულ იტურუპზე (იაპონია მას ეტოროფუს უწოდებს).
„ტასის" თანახმად, პუტინმა დაათვალიერა თევზის გადამამუშავებელი კომპლექსი „იასნი“, სხვადასხვა სახეობის ხიზილალა გასინჯა და დელიკატესი თან წაიღო კიდეც. დაათვალიერა კურილის ცენტრალური საავადმყოფო და ერთ-ერთი სკოლაც, იტურუპის მცხოვრებლებსაც შეხვდა და მათთან ერთად ფოტოები გადაიღო.
იაპონიის პროტესტი
კურილის კუნძულებზე რუსეთის პრეზიდენტის ჩასვლა გააპროტესტა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტოშიმიცუ მოტეგიმ.
მინისტრმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ტერიტორიები, მათ შორის კუნძული ეტოროფუ იაპონიის ისტორიული და იურიდიულად განუყოფელი ტერიტორიებია.
- იაპონია თავისად მიიჩნევს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის მიერ ანექსირებულ, კურილის ოთხ კუნძულს, იტურუპს, შიკოტანს, კუნაშირს და ხაბომაის(მათ ასე რუსეთი უწოდებს).
- რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, პრეზიდენტ პუტინამდე რუსეთის უმაღლესი ხელისუფლებიდან კუნძულ იტურუპზე იმყოფებოდნენ მხოლოდ დმიტრი მედვედევი - 2010 წელს როგორც რუსეთის პრეზიდენტი და 2012, 2015 და 2019 წლებში როგორც პრემიერ-მინისტრი, ხოლო 2021 წელს რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი.
ფორუმი