უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა მანამდე უკრაინული და რუსული მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობა, რომ 11 აგვისტოს თავდაცვის ძალებმა დაარტყეს რუსეთის ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ორსკნეფტეორგსინთეზს“.
უკრაინის გენშტაბის თანახმად, რუსეთის ენერგოსექტორის ამ ერთ-ერთ უმსხვილეს ქარხანაზე დარტყმამ ხანძარი გამოიწვია, მიყენებული ზარალის მასშტაბი კი დაზუსტების ეტაპზეა.
ორენბურგის ოლქის გუბერნატორ ევგენი სოლნცევის ტელეგრამ-არხზე 11 აგვისტოს დილით გამოქვეყნებული ცნობით, უკრაინული დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ხანძარი დაიწყო ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოში". გუბერნატორს კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.
- ორსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ორსკნეფტეორგსინთეზი“ რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესია, წელიწადში დაახლოებით 6 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია და ბენზინს, დიზელის საწვავს და მაზუთს აწარმოებს.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ქარხანას დაარტყეს 2025 წლის ოქტომბერ-ნოემბერსა და 2026 წლის აპრილშიც.
- რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას სამრეწველო ობიექტებზე.
- უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც იგრძნონ, კრემლს ომის დაფინანსების წყაროები შეუზღუდონ და მშვიდობა აიძულონ.
11 აგვისტოს რუსეთის ჯარებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს კიევსა და ზაპოროჟიეზე.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზაპოროჟიეში დაიღუპა სულ მცირე 6 ადამიანი და 19 დაიჭრა. კიევში დაშავდა ერთი ადამიანი. დაზიანებულია სახლები, საავადმყოფოს შენობა, საწყობები და საწარმოები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 11 აგვისტოს დილით ოფიციალური არხებით გაავრცელა ცნობა, რომ ღამის განმავლობაში კიევსა და ზაპოროჟიეში დაარტყეს „სამხედრო მრეწველობის საწარმოებს და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ცენტრებს", კერძოდ, კომპანია „ნოვა პოშტას“ ტერმინალს და საოფისე-სასაწყობე კომპლექს „სან-პარკს“ კიევში და მეტალურგიულ კომბინატს ზაპოროჟიეში.
ფორუმი