Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა „მტრულ მედიასთან“ ინტერვიუებისთვისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას

 ირანის პარლამენტი (არქივი)
ირანის პარლამენტი (არქივი)

ირანის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ისლამური რესპუბლიკის მიმართ მტრულად მიჩნეულ მედიასაშუალებებთან, მათ შორის აშშ-ის ან ისრაელის მედიისა და ამ ქვეყნების მიერ დაფინანსებულ გამოცემებისთვის ინტერვიუების მიცემისა და სხვა სახის კომუნიკაციისთვის, — იუწყება ირანული გაზეთი Shargh-ი.

კანონპროექტის თანახმად, რომელიც კანონად ქცევამდე ჯერ კიდევ უნდა განიხილოს გუშაგთა საბჭომ, ასევე აიკრძალება მედიასაშუალებებთან ინტერვიუები ან განხილვებში მონაწილეობა, ხოლო დარღვევა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით.

სხვა უცხოურ მედიასაშუალებებთან ინტერვიუებისთვის საჭირო გახდება დაზვერვის სამინისტროს ინფორმირება, ხოლო უცხოეთის საელჩოებთან, უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან ან სხვა არაირანულ ინსტიტუტებთან კონტაქტი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეტყობინებისა და წერილობითი ნებართვის გარეშე დაისჯება ჯარიმითა და გარკვეული სოციალური უფლებების ჩამორთმევით.

კანონპროექტი ასევე გაამკაცრებს სასჯელს უცხოელთა მითითებით ან ზედამხედველობით ჩადენილ ეკონომიკურ დანაშაულებზე, აკრძალავს უცხოელებისთვის ინფორმაციის მიწოდებას დაზვერვის სამინისტროს თანხმობის გარეშე და შეზღუდავს სამეცნიერო თანამშრომლობას უცხოურ ინსტიტუტებთან, რომლებიც არ არის შეტანილი დამტკიცებულ სიაში.

ისეთ პოლიტიკურ ან საკანონმდებლო წინადადებებზე, რომლებიც უცხოური დაზვერვის სამსახურების მითითებით მომზადდა და ზიანს აყენებს ირანის უსაფრთხოებას ან დამოუკიდებლობას, სასჯელის სახედ დაწესდება 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

საქმეებს რევოლუციური სასამართლოები განიხილავენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანი უცხოურ სუბიექტებთან თანამშრომლობის კრიმინალიზებას ახდენს.

2025 წელს, ისრაელთან 12-დღიანი ომის შემდეგ მიღებულმა კანონმა გაამკაცრა სასჯელი მტრულ სახელმწიფოებთან სავარაუდო თანამშრომლობისთვის.

ამ კანონის საფუძველზე, მიმდინარე თვეს ირანელ ფოტოჟურნალისტ იალდა მოაიერის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალად ედებოდა მტრულად მიჩნეული მედიასაშუალებებისთვის ინტერვიუების მიცემა და აშშ-სა და ისრაელთან დაკავშირებული ორგანიზაციებისთვის ფოტოსურათების მიწოდება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG