Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილჰამ ალიევი ბაქოში ვიქტორ იუშჩენკოს შეხვდა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. 2026 წლის 17 აგვისტო, ბაქო
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. 2026 წლის 17 აგვისტო, ბაქო

17 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ბაქოში უმასპინძლა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკოსთან შეხვედრის შესახებ პლატფორმა X-ზე დაპოსტა და აღნიშნა, რომ მათი ნაცნობობა 20 წელიწადს ითვლის:

„ერთმანეთს გავუზიარეთ სასიამოვნო მოგონებები, გავიხსენეთ აზერბაიჯანისა და უკრაინის ურთიერთობების განმტკიცების ერთობლივი ძალისხმევა და გავცვალეთ მოსაზრებები ჩვენი კავშირების პერსპექტივაზე“.

ორშაბათს ბაქოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა უკრაინის ელჩი იური ჰუსიევი, რომელმაც აზერბაიჯანის პრეზიდენტს „ქალაქ ირპინის საპატიო მოქალაქეობის“ სერტიფიკატი გადასცა. სოციალურ ქსელში კი დაწერა:

„ეს არის ძლიერი პარტნიორობის, სოლიდარობის, მეგობრობისა და ირპინისთვის აზერბაიჯანის განუხრელი მხარდაჭერის აღიარება. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო და მადლობა აზერბაიჯანის ხალხს უკრაინის გვერდში დგომისთვის“.

პრეზიდენტ ალიევისთვის ჯილდოს გადაცემამდე ერთი დღით ადრე, 16 აგვისტოს უკრაინის ელჩმა დაპოსტა, რომ მისთვის „პატივია, ბაქოში მიესალმოს უკრაინის მესამე პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს“.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის აზერბაიჯანში ვიზიტის სხვა დეტალები არ ვრცელდება.

ვიქტორ იუშჩენკო უკრაინის პრეზიდენტი იყო 2005-2010 წლებში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG