Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: თეირანი არ აპირებს ისეთი გარიგების დადებას, როგორიც, ჩემი აზრით, აუცილებელია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. 2026 წლის 17 აგვისტო, თეთრი სახლი, ვაშინგტონი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. 2026 წლის 17 აგვისტო, თეთრი სახლი, ვაშინგტონი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ ცდილობს თეირანთან ამოწურული ჩარჩო-შეთანხმების გახანგრძლივებას, რითაც გამოხატა პესიმიზმი დამაკმაყოფილებელი შეთანხმების პერსპექტივის მიმართ.

ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმი (MOU), რომელსაც 17 ივნისს მოეწერა ხელი, ითვალისწინებდა 60-დღიან პერიოდს მოლაპარაკებებისთვის, რომლითაც უნდა მოგვარებულიყო ორმუზის სრუტის გახსნისა და ირანის ბირთვული ამბიციების უმნიშვნელოვანესი საკითხები. თუმცა, ვადა მოლაპარაკებებში რაიმე პროგრესის მიღწევის გარეშე ამოიწურა.

„ისინი არ აპირებენ ისეთი შეთანხმების მიღწევას, რომელიც, ჩემი აზრით, აუცილებელია“, - განუცხადა 17 აგვისტოს ჟურნალისტებს დონალდ ტრამპმა.

ორშაბათს „ფოქს ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ირანი უბრალოდ უნდა „დანებდეს“.

„მათ უნდა ასწიონ დანებების თეთრი დროშა“ - განაცხადა ტრამპმა.

ის აგრეთვე უხეში ფორმით - დაბომბვით დაემუქრა ომანს, თუ ის აშშ-ს წინ გადაეღობება.

ომანი ირანთან თანამშრომლობს ორმუზის სრუტის გავლით კომერციული მიმოსვლის აღსადგენად.

17 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-ის უმთავრესი მიზანი ირანთან ურთიერთობაში არის ის, რომ თეირანმა არ უნდა განავითაროს და არ უნდა დაეუფლოს ბირთვულ იარაღს.

„ნომერი პირველი მიზანი არის და ყოველთვის იქნება ის, რომ ირანმა ვერანაირი გზითა და ფორმით ვერ მოახერხოს ბირთვული იარაღის ფლობა“, - დაწერა ტრამპმა მოკლე პოსტი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

ირანი აშშ-ს ადანაშაულებს ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევაში.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობაა პასუხისმგებელი „ურთიერთგაგების მემორანდუმის უხეშად დარღვევაზე“: „აშშ-ის მიერ 18 ივნისის ურთიერთოგაგების მემორანდუმის უხეში და ფართოდ გავრცელებულ დარღვევის გამო, მისი ხელმოწერიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მოლაპარაკებები არ დაწყებულა და შედეგად, აზრი დაკარგა 60-დღიან ვადაზე ლაპარაკმა“.

ბაღაის თქმით, „ამერიკის მიერ პირობების ადრინდელი დარღვევების მიუხედავად, გულმოდგინედ მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები ირანსა და ომანს შორის ერთობლივი განცხადების მოსამზადებლად და ორმხრივი ინტერესების დაცვის უსაფრთხო მექანიზმის შესაქმნელად“. საქმე ეხება ირანისა და ომანის მცდელობას - შექმნან ახალი სანაოსნო მარშრუტები ორმუზის სრუტეში.

ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმით, აშშ და ირანი დებდნენ პირობას 60 დღის განმავლობაში საბოლოო შეთანხმების მიღწევაზე და საჭიროების შემთხვევაში, ორმხრივი თანხმობით მოლაპარაკების ვადის გაგრძელებაზეც.

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობდა და გზავნილები მხოლოდ შუამავლების დახმარებით იცვლებოდა.

კვირას, 16 აგვისტოს ირანის არმიის მთავარსარდალმა ამირ ჰათამიმ 30 ათასი დოლარის ჯილდო დააწესა ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლის ან შეპყრობისთვის და თუკი ამას ქალი გააკეთებს, ჯილდო გაორმაგდებაო.

ჰათამის დეტალებზე არ ულაპარაკია, მხოლოდ ის განაცხადა, რომ არმია ამ ჯილდოებს გასცემდა საზოგადოებისგან მის დასაფინანსებლად „მხარდაჭერის დაპირებების“ შემდგომ.

ირანის არმიის მეთაურმა ეს განცხადება გაავრცელა იმ ფონზე, როცა არაფერი მიანიშნებს, რომ აშშ-ის ძალები ცდილობდნენ ირანის ტერიტორიაზე შესვლას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG